ამერიკელმა მსახიობმა, სტივენ სიგალმა 10 აპრილს საკუთარი 70 წლის იუბილე, მოსკოვის ერთ–ერთ საუკეთესო რესტორანში აღნიშნა. მას უკვე 5 წელზე მეტია რუსეთის მოქალაქეობა აქვს. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელზეც ჩანს, რომ ცნობილი მსახიობი სიტყვას წარმოთქვამს.
“ჩემთვის ბედნიერებაა, რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები, მიყვარხართ ყველა. ჩვენ ერთად ვართ ამ რთულ დროს“ – ამბობს ის.
კადრებზე ჩანს რუსეთის მთავარი პროპაგანდისტი, ვლადიმირ სოლოვიოვი, ასევე ტიგრან კეოსაიანი, რომელიც წვეულებაზე მის ცოლთან, მარგარიტა სიმონიანთან ერთად მივიდა. ეს უკანასკნელი რუსეთის ერთ–ერთი მთავარი პროპაგანდისტი და რუსული ტელეარხის, Russia Today–ს ხელმძღვანელია. სტუმრებს შორის იყვნენ ანატოლი ცოი, ვიქტორ დრობიში, ალექსეი ჩადოვი და სხვები.
“რაშისტებს გადაეყარადა მორჩა, დაიკარგა კაცი? ეს გადამდებია!“– ასეთი კომენტარი გაუკეთა ვიდეოს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ.
სტივენ სიგალმა დაბადების დღე მოსკოვში, სოლოვიოვისა და სიმონიანის გარემოცვაში აღნიშნა
რუსული მედიის ინფორმაციით, სიგალს არაფერში ეტყობოდა მისი ვარსკვლავური სტატუსი და თავად ზრუნავდა სტუმრების გართობაზე. რესტორნის სცენაზე მან ბლუზიც კი შეასრულა.
რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელი მსახიობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განკარგულებას 2016 წლის ნოემბერში მოაწერა ხელი. სიგალი აქტიურად უჭერდა მხარს პუტინის პოლიტიკას, ასევე ყირიმის ოკუპაციას. იმის გამო, რომ ის ყირიმს არაერთხელ სტუმრობდა, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა.
2018 წელს სიგალი დაინიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენლად რუსულ–ამერიკული ჰუმანიტარული კავშირების საკითხში. მის მოვალეობაში შედიოდა რუსულ–ამერიკული ურთიერთობების განვითარებისთვის ხელშეწყობა ჰუმანიტარულ სფეროში, მათ შორის კულტურის, ხელოვნების, საზოგადოებრივ და ახალგაზრდობის გაცვლითი პროგრამების საკითხებში.
მოგვიანებით მან განაცხადა, რომ უნდოდა პრიმორსკის ოლქს გუბერნატორობა. საკუთარი ოცნება მან მაყურებელს ვლადივოსტოკში გამართულ კინოფესტივალზე გაუზიარა. თუმცა ეს ოცნება ვერ აისრულა. სამაგიეროდ, 2021 წელს ოფიციალურად გახდა პარტია “სამართლიანი რუსეთი–სიმართლისთვის“ წევრი.