პოლიტიკურმა პარტიამ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ საქართველოს პრეზიდენტთან დღეს დანიშნულ შეხვედრაზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ანულირების საკითხს შეეხება, უარი განაცხადა. პარტიაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტისგან „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კრიტიკულ შეფასებას ელის და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობას.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირადად იყო ჩართული მედიაციის პროცესში, სალომე ზურაბიშვილისგან დღემდე არ მოგვისმენია კრიტიკული შეფასება „ქართული ოცნების“ იმ განცხადებაზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვაცხადებთ საქართველოს პრეზიდენტთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე. ვთვლით, რომ “ქართული ოცნების” სურვილი უპასუხისმგებლოდ თავი აარიდოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირი მედიაციით შექნილი დოკუმენტის პირობების შესრულებას, არის დემოკრატიის და ჩვენი ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგო ქმედება, რისი საშუალებაც მას არ უნდა მივცეთ.ველოდებით პრეზიდენტისგან ამ საკითხზე კრიტიკულ შეფასებებს, მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ მასთან შეხვედრის შესაძლებლობას“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უმრავლესობის და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.