უკრაინა ომის დაწყების შემდეგ პირველად ხელში იღებს სტრატეგიულ ინიციატივას და აიძულებს რუსეთს ძალები გადააანაწილოს და პრიორიტეტები შეცვალოს უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაციის საპასუხოდ. ამის შესახებ ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) მორიგ ანგარიშში წერს.
რუსული არმია სულ უფრო ხშირად ახდენს პირადი შემადგენლობის და ტექნიკის გადასროლას ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში, რითაც ზიანს აყენებს საკუთარ ძალისხმევას, რაც სლავიანსკის და სევერსკის დაპყრობისთვის დახარჯეს, და რომლებზეც როგორც ჩანს უარი თქვეს. რუსეთი ასევე ახდენს სამხედრო ტექნიკის, კერძოდ არტილერიის და ავიაციის გადასროლას ყირიმში უკრაინის სხვა რეგიონებიდან.
რუსულმა ძალებმა წარსულშიც შეაჩერეს ან სხვაგან გადაამისამართეს შეტევითი ოპერაციები ხარკოვსა და სამხრეთის ღერძზე, რათა პრიორიტეტული გაეხადათ ლუგანსკის ოლქი, თუმცა, მაშინ ეს გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღეს, ხელმძღვანელობის შეცვლილი პრიორიტეტების შესაბამისად.
ამჯერად კი, სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის არმიას ხერსონის ოლქში უკრაინის კონტრშეტევაზე რეაგირება უწევს და არა მათ მიერ გააზრებული და შერჩეული სამიზნეების შესაბამისად ძალების კონცენტრაცია.
მას შემდეგაც კი, რაც უკრაინულმა ძალებმა შეაჩერეს რუსების მცდელობა კიევი აეღოთ ომის საწყის ეტაპზე, რუსეთის არმიას შეეძლო თავისუფლად აერჩია, რაზე მოეხდინა აღმოსავლეთში კონკრეტულად საკუთარი ოპერაციის კონცენტრირება. ახლა კი ასე აღარ არის.
ხერსონში უკრაინელების მიერ მომზადებული კონტრშეტევამ და ამ კონტრშეტევის ფარგლებში ჩატარებულმა ოპერაციებმა, მთლიანობაში რუსული ძალების მკვეთრი დასუსტების პარალელურად, როგრც ჩანს, უკრაინას საშუალება მისცა პირველად დაიწყოს ომის მსვლელობის აქტიურად განსაზღვრა – წერენ ორგანიზაციის ანალიტიკოსები.