” სუს-ის განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მისი ერთადერთი მიზანი მოქალაქეთა დაშინებაა”- ასე აფასებს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია სახელმწიფო შენობების პიკეტს გეგმავს და განიხილება ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციაც. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადებები, აზიანებს გამოხატვის თავისუფლებას
“ბოლო სამი დღის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მეორედ გაავრცელა უკიდურესად პრობლემური განცხადება. ეს განცხადებები აზიანებს გამოხატვის თავისუფლებას და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სუს-ის მიზანია მოქალაქეთა დაშინება და ოპოზიციის მანიფესტაციის მონაწილეთა რიცხვის შემცირება.
2021 წლის 6 ნოემბერი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგის პრობლემურობა
6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგი გამართა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს დაგეგმილი აქციების ორგანიზატორები აპირებენ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას და ერთერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ლიკვიდაციას. სუს-ის განმარტებით, აღნიშნულს საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკნიდან აორგანიზებს და მისთვის ეს ფაქტები ოპერატიული ინფორმაციის საშუალებით გახდა ცნობილი.
სუს-მა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, როდესაც საზოგადოებას ირიბად ეუბნება, რომ ოპოზიციურ აქციაზე წასვლის შემთხვევაში, ისინი შესაძლოა, გახდნენ დანაშაულის ხელშემწყობი პირები. ინფორმაციის ნაწილი, რომელშიც სუს-ი რისკებს ხედავ საერთოდ არ წარმოადგენს კანონდარღვევას, ნაწილზე რეაგირება კი არ არის სუს-ის კომპეტენცია. უკიდურესად პრობლემურია ის გარემოება, რომ, როგორც სუს-ის ბრიფინგიდან ირკვევა, უწყების მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველი მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციაა.
2021 წლის 3 ნოემბერი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების პრობლემურობა
სუს-ის 3 ნოემბრის განცხადების თანახმად, „ბოლო დროს, სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით“. სუს-ი, შესაძლოდ გაკეთებულ ამგვარი განცხადებების ფაქტებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აკვალიფიცირებს. აღნიშნული მუხლი კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს. ამავე განცხადებაში, ყოველგვარი ლოგიკური კავშირის გამოკვეთის გარეშე იყო მოხსენიებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვა საქმეზე დაწყებული გამოძიება.
სამწუხაროდ, განცხადება არ შეიცავდა მტკიცებულებებს, რომელიც სუს-ის განცხადების საფუძვლიანობის სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას მოგვცემდა. თუმცა სსკ-ის 317-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ქვეშ ვერ მოექცევა აზრის ისეთი გამოხატვა, რომელიც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის რეალურ ან რეალურთან ახლოს მდგომ საფრთხეს მაინც არ შეიცავს.
აზრის გამოხატვა ისევე, როგორც მანიფესტაციებში მონაწილეობა საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებაა. ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელია, თუმცა, როდესაც სუს-ი აზრის გამოხატვის ფორმას/შინაარსს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აფასებს, მან დამაჯერებელი არგუმენტებით უნდა დაასაბუთოს მის მიერ საჯაროდ გავრცელებული ბრალდებები და მათი რეალურობა. ამასთან, სუს-მა უნდა იმოქმედოს მაღალი ინსტიტუციური პასუხისმგებლობით და, სათანადო საფუძვლის გარეშე, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც მოსახლეობაში შეიძლება გამოიწვიოს შიში.
საპირისპიროდ, სუს-ის განცხადებებში მოყვანილი ფაქტები, ისევე როგორც სამართლებრივი შეფასებები ბადებს არაერთ კითხვას. სუს-ი ვერ ასაბუთებს, მის მიერ დასახელებული საფრთხეების ვერც რეალურობას ვერც მყისიერებას. ამ ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მისი ერთადერთი მიზანია მოქალაქეთა დაშინება და ფონის შექმნა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა მიერ რეპრესიული ზომების გასაძლიერებლად.”- ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.