“შაბათის ფორმულას” წამყვანი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ჟურნალისტი უწყებაში ხვალ, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
მისი გამოკითხვა, გუშინ “შაბათის ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტს უკავშირდება, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ეხება. ქაშიაშვილი უწყებაში ადვოკატთან ერთად მივა.
შეგახსენებთ, რომ “შაბათის ფორმულამ” საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.
რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა, უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.
თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, მას შემდეგ, რაც მას „ვოთსაფით“ ესაუბრნენ, ამავე პლატფორმაზე მესიჯად გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა.
წყარო საგამოძიებო უწყებიდან „შაბათის ფორმულას“ უდასტურებს, რომ ბაჩალიაშვილს სპეციალურად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომ მას გაევლო მარნეულის გზა თეთრიწყარომდე, რათა მისი გადაადგილება ჭკვიან კამერებს დაეფიქსირებინათ და გამოძიებას კვალი არეოდა.
„შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, ცხედარი მანქანით სწორედ იმ ადგილას მიიტანეს, სადაც ის მომდევნო დღეს ნახეს.
„შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან არ ამოვა უცხო დეენემი.