“ტერორის მიზანია პროტესტის ჩახშობა – უნდა ვუპასუხოთ გაზრდილი წინააღმდეგობით” – ასე ეხმაურება, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი დილიდან პროკურატურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებს.
“დღეს დილას, 5 სხვადასხვა ლოკაციაზე რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით და მეთოდოლოგიით, რეჟიმი შეიჭრა სოლიდარობის ფონდების დამფუძნებლების სახლებში. ჩვენ პირველ რიგში, გვსურს, რომ ყველას გამოვუცხადოთ სოლიდარობა, ვუთხრათ მათ, რომ მათ გვერდით იდგება რა თქმა უნდა ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, ისევე როგორც თითოეული მოქალაქე ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს გადარჩენა იმ მომავლისგან, რომელსაც დღეს ჩვენ გვიმზადებს რუსეთი და რომლის ამოცანა არის ორი:
პირველი, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გატეხვა და განადგურება, იმიტომ, რომ როდესაც ქვეყანას მართავს პირდაპირ რუსეთიდან ადმინისტრირებული ძალა, წინააღმდეგობის ხაზი დღეს გადის სწორედ საქართველოს მოქალაქეებზე და საზოგადოებრივ პროტესტზე, რომელსაც უკვე მრავალი თვეა წარმატებით ახორციელებს ჩვენი საზოგადოება.
ამ ტერორის მიზანია პროტესტის, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ჩახშობა და ამას უნდა ვუპასუხოთ გაზრდილი წინააღმდეგობით. კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა განაცხადოს, რომ არ მოხდება საქართველოში დემოკრატიის გაუქმება. არ მოხდება საქართველოს ევროპული მომავლის წართმევა, იმიტომ რომ სწორედ ეს არის მეორე ამოცანა, რომელსაც რუსეთი ცდილობს, რომ განახორციელოს ჩვენს ქვეყანაში”. – განაცხადა სამადაშვილმა.