ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ შეიძლება სააღდგომო ლიტურგია ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა საპატრიარქოსთან სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდა, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ფიქრობს, რომ შეიძლება ლიტურგია ონლაინ ჩატარდეს და ტაძარში ხალხი არ მივიდეს.

მისი თქმით, ეკლესიასთან მოლაპარაკების პროცესში დადებითი დინამიკა შეინიშნება, ვინაიდან სასულიერო პირები მრევლს მოუწოდებენ, რომ საფრთხის გამო სახლში დარჩნენ.

„ჩვენ, ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით, საკმაოდ დადებითი დინამიკა გვაქვს. ისინი უკვე თვითონ მოუწოდებენ მრევლს, რომ ამ საფრთხის გამო დარჩნენ სახლში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ორი დღის განმავლობაში, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს მრევლს, ასევე ეკლესიასაც. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ აღდგომის ღამეს ნამდვილად ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.