39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან მეურვეები ზეწოლაში, შევიწროებაში და გამაბრუებელი პრეპარატების გამოყენებაში დაადანაშაულა.
“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“ – განაცხადა მომღერალმა სასამართლოზე.
მისი თქმით, მამამისი, ჯეიმი სპირსი “ასიათასი პროცენტით აღმერთებს კონტროლს,“ რომელიც ქალიშვილზე 2008 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოიპოვა.
სასამართლო სხდომაზე სპირსმა დაიჩივლა, რომ მისი მშობლები მისი ცხოვრების ექსპლუატაციას ეწევიან.
“ამ მეურვეობას ჩემთვის ბევრად მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. მე ვიმსახურებ უფლებას მქონდეს საკუთარი ცხოვრება. მე მთელი ცხოვრება ვმუშაობდი. ვიმსახურებ ორ–სამ წლიან დასვენებას“– დასძინა პოპ ვარსკვლავმა.
სპირსმა კიდევ არაერთი ბრალდება გამოთქვა მშობლების და სასამართლოს წინააღმდეგ, რომელმაც გასული წლის ნოემბერში გადაწყვიტა მამამისისთვის მეურვეობის ვადა გაეგრძელებინა.
“ორი წლის მანძილზე ბევრი რამ მოხდა. სასამართლოში აღარ დავბრუნებულვარ, იმიტომ რომ არ მქონდა იმედი, რომ ჩემს ნათქვამს გაიგებდნენ“– თქვა მან.
ბრიტნი სპირსი ამბობს, რომ მეურვეობის შეთანხმების ფარგლებში მასზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა 2018 წელს ლას ვეგასში კონცერტზე გამოსულიყო. მას შემდეგ, რაც მან შემოქმედებით შვებულების შესახებ განაცხადა, როგორც თვითონ ამტიკცებს მას ლითიუმის მიღებას აიძულებდნენ.
“ეს ძლიერი ნარკოტიკია. თუ მას ხუთ თვეზე მეტხანს მიიღებ, შეიძლება გონებრივი არასრულფასოვნება განვითარდეს. თავს მთვრალივით ვგრძნობდი, არაფერზე შემეძლო ლაპარაკი არც დედასთან და არც მამასთან. ექვსი სხვადასხვა ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ჩემი ოჯახი არაფერს აკეთებდა ჩემთვის“– განაცხადა სპირსმა.
ლოს ანჯელესში გამართულმა სასამართლო მოსმენამ პუბლიკის დიდი ყურადღება მიიპყრო.
მოსამართლე ბრენდა პენიმ სასამართლოს დარბაზში ვიდეოგადაღება და ნებისმიერი ჩამწერი მოწყობილობის გამოყენება აკრძალა. როდესაც ბრიტნი სპირსმა ტელეფონით განცხადების გაკეთება დაიწყო, სასამართლო დარბაზიდან მინიმუმ ხუთი ტვიტერ–ტრანსლაცია მიმდინარეობდა ლოზუნგით #თავისუფლებაბრიტნის. თუმცა მოსამართლემ მალევე ისინიც შეწყვიტა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალაქის ცენტრში, სასამართლოს შენობასთან მიტინგი მიმდინარეობდა მომღერლის მეურვეთა მარწუხებიდან გათავისუფლების მოთხოვნით.
რას ნიშნავს მეურვეობა?
2008 წელს მოსამართლემ ბრიტნი სპირსის მამას მისი მეურვეობის უფლება სკანდალური საჯარო ინციდენტების სერიის შემდეგ მიანიჭა. ეს ინციდენტები მომღერლის ფსიქიკურ ჯანმრთელობას უკავშირდებოდა.
სამართლის თვალსაზრისით ბრიტნი სპირსის შემთხვევა საკმაოდ უჩვეულოა.
ბოლო 13 წლის განმავლობაში მომღერლის მეურვეები მის ქონებას, კარიერას და ფინანსებს განკარგავენ, ასევე აკონტროლებენ მის პირად ცხოვრებას. კერძოდ, მეურვეს შეუძლია შეზღუდოს იმ ადამიანთა წრე, ვისთანაც მომღერალს ურთიერთობა აქვს, ასევე მკურნალ ექიმებთან განიხილოს მისი მდგომარეობა და მკურნალობის კურსი.
სპირსის შემთხვევაში მეურვეობის შეთანხმება ორ ნაწილად გაიყო–პირადი მეურვეობა და მომღერლის ქონების((მარტში ქონება 60 მილიონად შეფასდა) მინდობით მართვა.
თავდაპირველად ჯეიმი სპირსი ორივეს – პირადი და ბიზნეს აპეკუნის ფუნქციებს ასრულებდა, თუმცა 2019 წელს მან უარი თქვა პირად მეურვეობაზე და მიზეზად საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემები მოიყვანა.
იმავე წელს სასამართლომ მომღერლის მეურვეთა სიას ფონდი Bessemer Trust დაამატა, მისი პირადი მეურვის ადგილი კი მომღერლის მენეჯერმა, ჯოდი მონტგომერიმ დაიკავა.
გასული წლის აგვისტოში ბრიტნიმ ბრძოლა დაიწყო მეურვეობიდან მამის ჩამოშორებისთვის. თუმცა, ნოემბერში ლოს ანჯელესის სასამართლომ ჯეიმი სპირსის მხარე დაიჭირა.
მაშინ სასამართლოში მომღერლის მამა აცხადებდა, რომ მისი მეურვეობის პერიოდში მომღერალი, რომელიც მანამდე ვალებში იყო, 60 მილიონიანი ქონების მფლობელი გახდა. სასამართლო ამ არგუმენტს დაეთანხმა.
ამათან, იურისტებმა დააზუსტეს, რომ სპირსს მამასთან გასული წლის ბოლოსთვის უკვე მრავალი თვე იყო გასული, რაც ურთიერთობა არ ქონია და ისინი ფაქტიურად ერთად აღარ მუშაობდნენ.
ბოლო სასამართლო სხდომისადმი ინტერესს მოძრაობა #FreeBritney აღვივებდა, რომელიც თვლის, რომ მომღერალი მამის ტყვეობაშია.
მოძრაობა 2019 წელს შეიქმნა მას შემდეგ, რაც სპირსმა ლას ვეგასში შოუ გააუქმა და თქვა, რომ შემოქმედებით შვებულებაში მიდის. ამის შემდეგ მან ინსტაგრამზე აქტიურობაც შეწყვიტა.
კამპანიის მხარდამჭერებს შორის არიან ცნობილი ადამიანები, მაგალითად მომღერლები შერი და მაილი საირუსი, ასევე მსახიობი არიელ უინტერი, რომელმაც არასრულწლოვან ასაკში მიაღწია იმას, რომ მისი მეურვეობა დედიდან მესამე პირებს გადასცემოდა.
ბრიტნის პირსის მამა მოძრაობას სასაცილოს უწოდებს, მის ადეპტებს კი კონსპიროლოგებს და ამტკიცებს, რომ ყოველ წელს ანგარიშს აბარებს მომღერლის მიერ გამომუშავებულ ყოველ ცენტზე.
სასამართლოს სხდომამდე New York Times–მა გამოაქვეყნა სასამართლო მასალები, საიდანაც ჩანს, რომ მომღერალი უკვე რამდენიმე წელია ცდილობს ადვოკატების დახმარებით მამის მეურვეობას დააღწიოს თავი.