აშშ–ს განზრახული აქვს უახლოეს მომავალში არა მხოლოდ მთლიანად დაფაროს საკუთარი ქვეყნის შიგნით არსებული მოთხოვნა ფილტვების სავენტილაციო სასუნთქ აპარატებზე, არამედ ეს აპარატები სხვა ქვეყნებსაც მიაწოდოს. ამის შესახებ აშშ–ს პრეზიდენტმა განაცხადა.
“არ ვიცი, გაიგეთ თუ არა ეს ამბავი, მაგრამ Ford-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ General Electric–ის ქვეგანყოფილებასთან ერთად 50 000 სასუნთქი აპარატის გამოშვებას აპირებს სამ თვეზე ნაკლებ დროში. რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა მწარმოებლებზე, რომლებსაც განზრახული აქვთ საკუთარი საწარმოო სიმძლავრეები აამოქმედონ. ასეთი კომპანია ათზე მეტია. ეს საკმარისზე მეტია ჩვენი საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ასე რომ, აპარატებს იტალიაში, საფრანგეთში და ესპანეთში გავგზავნით, სადაც ამ მომენტში ასეთი აღჭურვილობის კოლოსალური პრობლემაა. სხვა ქვეყნებსაც დავეხმარებით.“–განაცხადა ტრამპმა.
ამდროისთვის ამერიკაში კორონავირუსით 164,359 ადამიანია დაინფიცირებული. დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევები ნიუ იორკშია დარეგისტრირებული, სადაც საქალაქო პოლიციის 900–ზე მეტი თანამშრომელიც დაინფიცირდა. აშშ–ში გარდაცვლილია 3,173 ადამიანი. დაახლოებით ამდენივე რეანიმაციაში იმყოფება. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო ზომები 30 აპრილამდე იმოქმედებს.