აშშ–ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნების გადატანის ინიციატივით გამოდის, რომელიც წესით ამ წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს.
ამერიკის ლიდერმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა. მან არჩევნების გადატანის აუცილებლობის მოტივად კორონავირუსის პანდემია და ფოსტით ხმის მიცემის დროს შესაძლო თაღლითობა დაასახელა.
“თუ გავითვალისწინებთ საყოველთაო ხმის მიცემას ფოსტით, 2020 წლის არჩევნები ისტორიაში ყველაზე არასარწმუნო და თაღლითური იქნება. ეს აშშ–სთვის უდიდესი სირცხვილია. უნდა გადავიტანოთ არჩევნები, რათა ადამიანებმა შეძლონ სათანადოდ ხმის მიცემა – მშვიდად და უსაფრთხოდ“ – წერს ტრამპი.
აშშ–ში ცოტა ვინმეს თუ ჯერა, რომ ფოსტით ხმის მიცემა მართლაც მაქინაციების საფრთხეს უკავშირდება, თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა უკვე არაერთხელ გაილაშქრა ასეთი მეთოდით ხმის მიცემის წინააღმდეგ.
მანამდე აშშ–ს ცალკეულმა შტატებმა პანდემიასთან დაკავშირებით ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა გაამარტივეს.
ტრამპის გადაწყვეტილება სავარაუდოდ საკმარისი არ იქნება არჩევნების გადასატანად. აშშ–ს გენერალური პროკურორი, უილიამ ბარი კითხვაზე – შეუძლია თუ არა პრეზიდენტს ასეთი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, პასუხობს, რომ ეს საკითხი არ შეუსწავლია.
აშშ–ს კონსტიტუციით საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გადატანა მხოლოდ კონგრესს შეუძლია. აშშ–ში კიდევ სამი ფედერალური კანონი ადგენს არჩევნების ზუსტ და უცვლელ თარიღს: “სამშაბათი დღე, ნოემბრის პირველი ორშაბათის შემდეგ“ – ეს არის ნორმა, რომელიც 1845 წლიდან არ შეცვლილა.
აშშ–ს კანონმდებლობით არჩევნების გადატანა აღმასრულებელი ბრძანების საშუალებით შეუძლებელია. წარსულში ტრამპი საკუთარი გადაწყვეტილებების სწორედ ამ მეთოდით გაფორმებას ამჯობინებდა.
ამჟამინდელ სიტუაციში თუ ამომრჩეველთა კოლეგია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფორმებს, დათქმულ დროს არ უყრის კენჭს და არ დაამტკიცებს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ტრამპის უფლებამოსილება იურიდიულად 2021 წლის 20 იანვარს ამოწურულად ჩაითვლება.