სამშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ნიუ-იორკის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს შეხვედრა, ტესტირების გაფართოების გადაწყვეტილებით დასრულდა. ახალი გეგმის მიხედვით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსზე დღეში 40 000-მდე ტესტირება მოხდება.
ნიუ-იორკში გაიზრდება 300-მდე ლაბორატორიის მოცულობაც, სადაც ტესტირება ტარდება. შესაბამისად, მობილურ, თუ ტრადიციულ დიაგნოსტიკურ ცენტრებში ახალ თანამშრომლებს აიყვანენ. ანალიზებს შტატის მოქალაქეებს ორივე მიმართულებით აუღებენ, როგორც დიაგნოსტიკისთვის, ასევე სისხლში ანტისხეულების გამოსავლენად, რომელიც დაადგენს, უკვე გადაიტანა თუ არა ადამიანმა კოვიდ-19.
პრეზიდენტს და გუბერნატორს შორის ურთიერთობის დინამიკას ამერიკაში გამადიდებელი შუშის ქვეშ აკვირდებიან. სახელმწიფოს მეთაურის რიტორიკა კოვიდ-19-ის მართვასთან დაკავშირებით, ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის განცხადებებთან, რომელიც ეპიდემიის ეპიცენტრში იმყოფება.
20 000-მდე გარდაცვლილით, ნიუ-იორკის შტატი ამერიკაში ყველაზე რთულ სიტუაციაშია. მთლიანად ამერიკაში მსხვერპლის რაოდენობა 45 000-ს აჭარბებს. ინფიცირებულია 820 000-მდე ადამიანი და აქედან ნიუ-იორკზე დაახლოებით 257 000 მოდის.
წყარო: ამერიკის ხმა