”ტრამპის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში დღეს დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები ჩაიშალა უკრაინის მიერ თავისი ტერიტორიების დათმობაზე უარის თქმის გამო”. – WASHINGTON POST

დასავლური მედია ცდილობს გამოიცნოს რა შეიძლება მოხდეს რუბიოს ვიზიტის გაუქმების შემდეგ? ისინი განიხილავენ  მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტებს მას შემდეგ, რაც მარკო რუბიოს ლონდონში ვიზიტი გაუქმდა.

კიევის ქმედებები „ამერიკულ გეგმასთან“ დაკავშირებით საკმაოდ გასაგებია, მაგრამ რჩება კითხვა — რა მოხდება შემდეგ?

ნამდვილად ჩამოშორდებიან ამერიკელები „უკრაინულ მიმართულებას“ და ამით აღიარებენ ტრამპის პირველ საგარეო პოლიტიკურ მარცხს, ამავე დროს კი გამოკვეთენ აშკარა სიმართლეს, რომ ის არ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მომლაპარაკებლები? თუ მაინც დაბრუნდებიან უფრო რაციონალური შეთავაზებით კიევისთვის?

ევროპელები — ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხში თუ შეეცდებიან დააწყნარონ ურთიერთობები კიევსა და ვაშინგტონს შორის? ან იქნებ ჩაიკეტებიან საკუთარ თავში და დაიწყებენ მზადებას ქარიშხლისთვის, რომელიც ევროპას ელოდება ამერიკის ძველი კონტინენტიდან გასვლის შემდეგ?

ამ ეტაპზე, სიუჟეტის ყველაზე მოულოდნელი შემობრუნებებიც კი შესაძლებელია.

მაგალითად, არ არის გამორიცხული, რომ ევროპული უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართოს არა ლონდონში, არა საუდის არაბეთში, არამედ… რომში, პაპი ფრანცისკეს დაკრძალვაზე, სადაც შაბათს ჩავლენ დონალდ ტრამპი, ევროპელი ლიდერები და ვოლოდიმირ ზელენსკი.

ანალიზი: უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია უთხრას აშშ–ს „არა“

ბიბისის კორესპონდენტი უკრაინაში წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ლონდონის სამიტში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, რაც კიევის მხრიდან ტერიტორიული დათმობების განხილვის სურვილის არქონის ფონზე მოხდა:

შესაძლოა, ვიღაცას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ოვალური კაბინეტის უცნაური სცენისა და ამის შემდეგ განვითარებული უკრაინულ-ამერიკული ურთიერთობების კრიზისის ფონზე, კიევი გააცნობიერებდა, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში სიჯიუტის გამოჩენა მხოლოდ ზიანს მოუტანს და მომავალში ყველანაირად ეცდებოდა კონფრონტაციის თავიდან არიდებას ამ ხაზზე.

თუმცა, ლონდონში მაღალ დონეზე მოლაპარაკებების ჩაშლამ აჩვენა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია უთხრას შტატებს „არა“.

„ტრამპის გეგმა,“ რომლის პრეზენტაციასაც, სხვათა შორის, მისი პრეზიდენტობის პირველი 24 საათის განმავლობაში ელოდნენ, როგორც ჩანს, უფრო მეტად ჰგავს რუსული „საომარი მოქმედებების სპეცოპერაციის“ მიზნების რეფერატს, ვიდრე ურთიერთშეთანხმებების ნუსხას.

ამიტომ კიევის რეაქცია სულაც არ არის გასაკვირი.

უკრაინისთვის ამ „გეგმაზე“ თანხმობის შემთხვევაში ზარალი აშკარაა — როგორც სახელმწიფოსთვის მთლიანობაში, ისე ვლადიმირ ზელენსკისთვის პირადად.

სარგებელი კი,  როცა უსაფრთხოების გარანტიები ამ გეგმაში საერთოდ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამერიკელები, როგორც ჩანს, ნებისმიერ შემთხვევაში ამცირებენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას — ფაქტობრივად ძნელად საპოვნელია.

საერთოდაც, თუნდაც უკრაინა დათანხმდეს ტრამპის გეგმას, რა გარანტიაა, რომ მოსკოვი ანალოგიური თანხმობით უპასუხებს?

ვინ უნდა დაგვარწმუნოს, რომ პუტინი არ დაუბრუნდება თავის ჩვეულ ფორმულას: „ჩვენ კი არ ვართ წინააღმდეგი, მაგრამ…,“ რასაც მოჰყვება ახალი მოთხოვნების სია — დაწყებული უკრაინის მიერ ოთხი ოლქის უარყოფით, დამთავრებული ისევ იმ დემილიტარიზაციით?

Washington Post: რუბიოს ვიზიტი ლონდონში გაუქმდა კიევის მხრიდან ტერიტორიული დათმობების განხილვის სურვილის არქონის ფონზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ლონდონში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც უკრაინის ომზე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეხებოდა, გააუქმა — წერს Washington Post ანონიმურ ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროების თქმით, ვაშინგტონში უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ უკრაინა არ არის მზად, მიიღოს ამერიკული წინადადებები ტერიტორიული დათმობების შესახებ. კიევის პოზიციაა: „პირველ რიგში უნდა მოხდეს სრული ცეცხლის შეწყვეტის განხილვა, დანარჩენი საკითხები კი ამის შემდეგ“.

ამავე დროს, Washington Post ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს, რომლის თქმითაც, რუბიოს ვიზიტის გაუქმება მხოლოდ ტექნიკური საკითხია და არა პოლიტიკური განცხადება.

„სახელმწიფო მდივანი რუბიო დაკავებული ადამიანია, — აღნიშნა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის უწყების წარმომადგენელმა. — მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში შეხვედრები მაინც იმართება, იგი მათში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა, ეს არაფერს ამბობს შეხვედრების შინაარსზე. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია მის გრაფიკში ლოგისტიკურ საკითხებთან“.

მედიის ინფორმაციით, ამერიკული სამშვიდობო ინიციატივები მოიცავს ვაშინგტონის მხრიდან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ოფიციალურად აღიარებას, ასევე ფრონტის ხაზის არსებული მდგომარეობის გაყინვას.

სამშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი არანაირ ტერიტორიულ დათმობებზე არ წავა, ხოლო ლონდონში უკრაინული დელეგაცია მხოლოდ სრული ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე ისაუბრებს.

ლონდონში დაიწყო უკრაინისა და ბრიტანეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები

როგორც „РБК-Украина“ წერს, შეხვედრაში მონაწილეობენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, რომლებიც ბრიტანელ კოლეგებს — დევიდ ლამის და ჯონ ჰილის — ესაუბრებიან.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მხარეები განიხილავენ გზებს უკრაინის გაძლიერებისა და გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

ამავდროულად, ლონდონში ჩაიშალა მოლაპარაკება, რომელიც უნდა გამართულიყო ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ბრიტანეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დონე დაქვეითდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიტანეთის დედაქალაქში უნდა განხილულიყო დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის კონტროლის აღიარებას ითვალისწინებს, თუმცა კიევი ამ ვარიანტს გამორიცხავს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ლონდონში ჩასვლის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინული დელეგაცია მზად არის განიხილოს „სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის გზები, როგორც პირველი ნაბიჯი სრულფასოვანი მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისკენ და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ“.

აშშ-ს ლონდონში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი წარმოადგენს. სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო მოლაპარაკებებზე არ ჩასულა.

ვენსი: უკრაინამ და რუსეთმა უნდა დათმონ გარკვეული ტერიტორიები . წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ გამოვა მოლაპარაკებების პროცესიდან

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „ძალიან მკაფიო წინადადება“ გააკეთა რუსეთისა და უკრაინის მშვიდობიანი შეთანხმების გზაზე, და დასძინა, რომ „დროა, ან თქვან ‘კი’, ან აშშ გამოვა ამ პროცესიდან“ — წერს Bloomberg.

„ამჟამინდელი ხაზები, სადღაც მათთან ახლოს არის — ვფიქრობ, იქ გავატარებთ საბოლოო ზღვარს“, — განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს ინდოეთში. საუბარი შეეხებოდა უკრაინაში ომის ფრონტის ხაზს და ამ ხაზის გაყინვას არსებული მდგომარეობის დონეზე,  რაზეც წინა დღეს Financial Times-მა დაწერა.

Financial Times-ის ცნობით, სამშაბათს ვლადიმირ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრისას შესთავაზა შეჩერებულიყო ოკუპაცია ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე და უარი ეთქვა მოთხოვნებზე უკრაინის ოკუპირებული რეგიონების სრულ ტერიტორიაზე.

ვენსმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ როგორც უკრაინამ, ისე რუსეთმა, უნდა დათმონ გარკვეული ტერიტორიები, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებენ.

Bloomberg-ს კომენტარით, კონფლიქტის გაყინვა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ უაღრესად მძიმე დათმობა იქნება უკრაინისთვის, რომელიც ცდილობს დაიბრუნოს ყველა ტერიტორია ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, რომელიც რუსეთმა 2014 წლიდან დაიკავა, მათ შორის ყირიმი.

მანამდე სააგენტოს წყაროები იუწყებოდნენ, რომ აშშ მზად არის აღიაროს რუსეთის კონტროლი ყირიმზე და გააუქმოს მოსკოვზე დაწესებული სანქციების ნაწილი პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არასდროს აღიარებს რუსეთის ოკუპაციას ყირიმში.

„დაპირისპირებული მხარეებს მოუწევთ გარკვეული ტერიტორიული გაცვლების განხორციელება“, — დასძინა ვენსმა, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო საზღვარი შესაძლოა ფრონტის ხაზს სრულად არ დაემთხვეს.

ლონდონში უკრაინის საკითხზე გამართულ შეხვედრას დონე დაუქვეითდა — ბრიტანეთის მთავრობა

ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ლონდონში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის თემაზე, საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, რომელიც ოთხშაბათს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო, თუმცა დაბალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა მაინც გაიმართება — იუწყება AFP.

„სამშვიდობო მოლაპარაკებების შეხვედრა უკრაინის საკითხზე, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, დღეს გადაიდო. თუმცა, ოფიციალურ დონეზე მოლაპარაკებები გაგრძელდება,“ — განუცხადა სააგენტოს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„ამ ეტაპზე სიტუაცია ასეთია: ჩვენი დელეგაცია გზაშია შეხვედრისკენ, შეხვედრა შუადღისთვის იყო დაგეგმილი, ორგანიზატორი ბრიტანეთია და სწორედ ლონდონმა შეკრიბა ყველა მხარე,“ — განუცხადა „РБК-Украина“-ს ინფორმირებულმა წყარომ.

ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი, რომ ლონდონის შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო არ დაესწრება. თუმცა, წყაროს თქმით, უკრაინული გუნდი მზად არის „ყველა ფორმატისთვის და ყველა ტიპის საუბრისთვის“.

Reuters: ლონდონში მოლაპარაკებების წარმატების შანსი მცირეა — ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ეწინააღმდეგება

მსოფლიო მედია კვლავ ავრცელებს კომენტარებსა და ანონიმური ინფორმირებული წყაროების განცხადებებს ლონდონში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომლებიც ოთხშაბათს უნდა გამართულიყო.

შეხვედრის დონე დაქვეითდა: თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მასში მონაწილეობას მიიღებდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, საბოლოოდ კი ამერიკულ დელეგაციას პრეზიდენტის წარმომადგენელი კიტ კელოგი ხელმძღვანელობდა.

როგორც Reuters აღნიშნავს, „ჯერ კიდევ გაურკვეველია, რუბიოს არყოფნა ნიშნავს თუ არა, რომ აშშ-მ მოლოდინები შეამცირა მოლაპარაკებების მიმართ მას შემდეგ, რაც ტრამპმა კვირას იმედი გამოთქვა, რომ ამ კვირაში შესაძლებელი იქნებოდა შეთანხმების მიღწევა მოსკოვსა და კიევს შორის“.

„თუმცა, ცოტა დიპლომატი თვლის, რომ ასეთი სცენარი რეალისტურია არსებული უთანხმოებების გათვალისწინებით, — წერს სააგენტო. — ტრამპის ზეწოლის მიუხედავად, მოლოდინი საგრძნობი გარღვევისთვის დაბალია“.

მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონის გეგმაში რამდენიმე პირობაა, რომლებიც კიევსა და მის ევროპელ პარტნიორებს მიუღებლად მიაჩნიათ — მათ შორის რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ოფიციალური აღიარება და სანქციების მოხსნა.

„ყირიმის გარდა, რჩება სხვა უთანხმოებებიც — მათ შორის რუსეთის მცდელობა, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოლაპარაკებების დასრულებამდე გაუქმდეს. ევროპა ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება“, — ნათქვამია პუბლიკაციაში ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით.

ამასთან, ცოტა იმედი მაინც რჩება, რომ ლონდონში „შეიძლება მიღწეულ იქნას შეთანხმების რაიმე ფორმა, რათა სერიოზული მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს“, — წერს Reuters.

„საბოლოო ჯამში, უკრაინას მოუწევს მოლაპარაკებების მაგიდაზე რაღაც დააყენოს“, — ციტირებს სააგენტო ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატს.

Daily Telegraph: აშშ-ის „მშვიდობის გეგმა“ შვიდი პუნქტისგან შედგება და ითვალისწინებს სანქციების მოხსნასა და ყირიმის ანექსიის აღიარებას

ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის ხელისუფლების მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო  გეგმა შვიდ პუნქტს მოიცავს და სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ოფიციალურ აღიარებას, უკრაინის NATO-ში გაწევრებაზე უარის თქმას და რუსეთის მიმართ დაწესებული ამერიკული სანქციების სრულ მოხსნას გულისხმობს.

დასავლურ მედიაში გავრცელებული მრავალი პუბლიკაციის მიხედვით, ეს დოკუმენტი ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა განხილულიყო ოთხშაბათს, რომელშიც მონაწილეობენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი.

თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ ბრიტანეთის დედაქალაქში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი ჩავიდოდნენ, თუმცა სამშაბათს მათ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ამასთანავე, კრემლმა დაადასტურა, რომ უიტკოფი ამ კვირაში რუსეთში გაემგზავრება.

Daily Telegraph-ის ინფორმაციით, აშშ-ის მშვიდობის გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. დაუყოვნებლივი ზავი.
  2. უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება.
  3. უკრაინის უარი NATO-ში გაწევრებაზე, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა რჩება.
    4-5. ტერიტორიებთან დაკავშირებული პუნქტები:

    • აშშ-ი დე იურე აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.
    • ფრონტის ხაზი გაყინულია არსებული მდგომარეობით.
    • დოკუმენტი არ ითვალისწინებს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ტერიტორიად ოფიციალურად აღიარებას, თუმცა Daily Telegraph-ის ცნობით, ფაქტობრივად ამ კონტროლის ვაშინგტონის მიერ მიღებას გულისხმობს.
    • ხერსონის ოლქის ნაწილი უნდა დაუბრუნდეს კიევს, ხოლო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი აშშ-ს გადაეცემა.
  4. უკრაინა აშშ-სთან ხელს მოაწერს შეთანხმებას ბუნებრივი რესურსების ერთობლივი მოპოვების შესახებ.
  5. აშშ-სა და რუსეთს შორის შეიძლება ჩამოყალიბდეს ახალი ეკონომიკური ურთიერთობები, რაც სანქციების სრულ მოხსნასა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დაწყებას მოიცავს.

Daily Telegraph აღნიშნავს, რომ გეგმაში არ არსებობს მკაფიო უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის აშშ-ის მხრიდან, მათ შორის არც „მსურველთა კოალიციის“ (ევროპული ქვეყნების ჯგუფის, რომელიც მზად არის უკრაინაში სამშვიდობო ძალები გაგზავნოს) მხარდაჭერა.

გამოცემის შეფასებით, კიევს გაუჭირდება ამერიკული წინადადებების მიღება, რადგან ეს მოიცავს ტერიტორიულ დანაკარგებს უსაფრთხოების მექანიზმების გარეშე.

„კიევის ოფიციალურმა პირებმა Telegraph-ს განუცხადეს, რომ მშვიდობის შეთანხმების პერსპექტივებში ეჭვი ეპარებათ“, — აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გამოცემის წყაროების თქმით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ელოდებიან, რომ ლონდონის მოლაპარაკებებში რაიმე შეთანხმება გაფორმდება. მათი შეფასებით, ეს შეხვედრა უკრაინისთვის შესაძლებლობაა, საკუთარი ხედვა წარმოადგინოს მომავალი  სამშვიდობო შეთანხმების შესახებ.