ტრამპს მისი საქციელის გამო საიდუმლო მასალებთან წვდომა აღარ უნდა ქონდეს – ბაიდენი

აშშ–ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი აზრით დონალდ ტრამპს არ უნდა ჰქონდეს წვდომა დაზვერვის ბრიფინგების საიდუმლო მონაცემებზე მისი “ცვალებადი ქცევის“ გამო.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა დაზვერვის საქმიანობის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ინფორმირების დამკვიდრებული პრაქტიკა შეიძლება შეიცვალოს. ამჟამად ბრფინგები რეგულარულად ტარდება ჯიმი კარტერის, ბილ კლინტონის, ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამასთვის.

აშშ–ში არსებობს ტრადიცია, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების საკითხების შესახებ ყოფილი პრეზიდენტების ინფორმირებას ითვალისწინებს. ეს სავალდებულო არ არის, თუმცა ახალი პრეზიდენტის მხრიდან გულისხმიერების და თავაზიანობის აქტად ითვლება, გარდა ამისა ეს არის შესაძლებლობა მოქმედმა პრეზიდენტმა წინამორბედებისგან საჭირო რჩევები მიიღოს.

სიბიეს–ის მიერ დასმულ კითხვაზე – უნდა ჩატარდეს თუ არა ბრიფინგები ტრამპისთვის, ბაიდენმა უპასუხა: “ვფიქრობ, რომ არა“.

“რა ფასეულობა აქვს მისთვის დაზვერვის ბრიფინგებს? რა გავლენა შეიძლება ამას ქონდეს გარდა იმისა, რომ შეიძლება რაღაც წამოცდეს და რამე გათქვას?“– თქვა ბაიდენმა.

ტრამპის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ბაიდენის სიტყვებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მანამდე ტრამპის ბრიფინგებზე წვდომის საკითხი თეთრმა სახლმა დააყენა, იანვარში კი წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამი შიფმა განაცხადა, რომ აუცილებელია ტრამპს ნებისმიერ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდოს.

სიუ გორდონმა, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციაში ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა, დაწერა, რომ ყოფილი პრეზიდენტის განზრახვა დარჩეს პოლიტიკურ არენაზე მის საზღვარგარეთულ საქმიან კავშირებთან ერთად შესაძლოა აშშ–ს ნაციონალურ უსაფრთხოებას ემუქრებოდეს:

“ჩემი, როგორც დაზვერვის 30 წლიანი სტაჟის მქონე ვეტერანის რეკომენდაციაა 20 იანვრის შემდეგ მისთვის არანაირი ბრიფინგები არ გაიმართოს“– ციტირებდა გორდონის სიტყვებს იანვარში ვაშინგტონ პოსტი.

“ამ მარტივი გადაწყვეტილების საშუალებით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ახალი პრეზიდენტის პრეროგატივაა,  ჯო ბაიდენს შეუძლია ნაციონალური უსაფრთხოების პოტენციური  რისკები შეამციროს, რომელიც დონალდ ტრამპისგან მოდის“– თქვა მან.

სენატში ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა 8 თებერვალს დაიწყება. ის ფაქტი, რომ ტრამპი თანამდებობაზე აღარ არის ამ ფაქტს ხელს ვერ უშლის. იმპიჩმენტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სენატს შეუძლია ექს პრეზიდენტს პენსია და სხვა შეღავათები ჩამოართვას, ასევე ცალკე გადაწყვეტილებით შეუძლია მას ხელახალი კენჭისყრა აუკრძალოს.

ტრამპს ბრალი ედება ამბოხების წაქეზებაში, რომლის შედეგად კაპიტოლიუმის შტურმი მოხდა. 2021 წლის ექვს იანვარს განვითარებულ მოვლენებს 5 ადამიანი შეეწირა.