მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის ინფექციურ დაავადებათა მიმართულების ხელმძღვანელი, ატლანტის ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასისტენტ პროფესორი გიორგი კანდელაკი საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ საგანგებო ზომების და ჯანდაცვის პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებს. მისი აზრით, ეპიდემიის მართვა სხვა მეთოდებით უნდა მოხდეს. გიორგი კანდელაკი მხარს უჭერს ეპიდემიის მართვადი გავრცელების პრინციპს, რაც მისი აზრით ორ ამოცანას შეასრულებდა: არ მოხდებოდა ჯანდაცვის სისტემის პარალიზება და ქვეყანა არ დადგებოდა ეკონომიკური კრახის წინაშე. გიორგი კანდელაკი საკუთარ არგუმენტებს ფეისბუქზე წერს:
“1. რესპირატორული ვირუსის პანდემიის როგორც ასეთი სრული შეჩერება, “ერადიკაცია”, “დამარცხება” და ა.შ. შეუძლებელია. ვირუსი შეწყვეტს პანდემიურ გავრცელება მაშინ როდესაც მიიღწევა პოპულაციური იმუნიტეტი ანუ მთელი მოსახლეობის 60-70% მაინც დაინფიცირდება, რის შემდეგაც ის უნდა გადაიქცეს ენდემიურ, სპორადულ ვირუსულ ინფექციად. შვედეთის გამოცდილება იძლევა იმის ვარაუდის არსებობასაც, რომ გავრცელება მნიშვნელოვნად შეიძლება შემცირდეს (არ შეწყდეს, მხოლოდ შემცირდეს) 20-30%-იანი სეროპრევალენტობის შემთხვევაშიც. აქედან გამომდინარე ჩვენი ამოცანა ვერ იქნება რომ ის შევაჩეროთ, არამედ ამოცანა უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემის პარალიზების თავიდან აცილება და ეკონომიკის შენარჩუნება.
2. ქვეყნები რომლებმაც აირჩიეს “მკაცრი კარანტინული სისტემა” (ამ ტერმინს პირობითად ვხმარობ ე.წ. “lock-down”-ის სინონიმად) გარდაუვლად არიან რისკის ქვეშ, რომ რეგულაციების შერბილებისთანავე დაიწყება ის ეპიდემიოლოგიური ტალღა, რომელიც მათ კი არ აიცილეს თავიდან, არამედ უბრალოდ დროში გადადეს შეზღუდვებით. მოგეხსენებათ რომ ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა ვერაფრით ვერ შეიქმნება უახლოესი თვეების განმავლობაში და ვისაც ოდნავ მაინც ესმის ვაქცინის წარმოების და ეფექტურობის გამოცდის ნიუანსები, ადვილად მიხვდება, რომ პერიოდულად გაჟღერებული ხმები, თითქოს ეს შეიძლება შემოდგომაზეც მოხდეს – სრულიად უსაფუძვლოა. ხოლო როგორც ბოლო კვლევებმა ცხადყო, ხელშესახებად ეფექტური პრეპარატი კიდევ დიდი ხანი არ იქნება ბაზარზე (არ ვგულისხმობ რემდესევირს – რადგან მხოლოდ მინიმალური ეფექტია ჯერჯერობით ნანახი ერთ კვლევაში, ხოლო მეორეში არანაირი ეფექტი).
არსებულ ვითარებაში ის მკაცრი ღონისძიებები რაც ჩვენთან გატარდა, შეიძლება მართლაც ეფექტური აღმოჩნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ორიდან ერთერთი დაშვება: პირველი – ვირუსის პანდემიური გავრცელება ზაფხულში მკვეთრად შენელდება (ჯერჯერობით არსებული მონაცემებით და ექსპერტების აზრით დრამატული ცვლილება არ არის მოსალოდნელი. მსუბუქ შერბილებას ადგილი ექნება სავარაუდოდ – თუმცა ეს ვერ მოგვცემს ხელშესახებ ეფექტს. ვნახოთ რას შემოგვთავაზებს რეალობა) ან მეორე – არსებობს მოსაზრება, რომ SARS-CoV-2 ამჟამად განიცდის ისეთი ტიპის მუტაციებს, რომლებმაც მიიყვანა SARS-CoV-1 გაქრობამდე (ეს მხოლოდ მოსაზრებაა, დიდი და სარწმუნო მტკიცებულებები ამის არ არის ჯერჯერობით). ასე რომ გვაქვს მნიშვნელოვანი ალბათობა ახალი ეპიდტალღისა რეგულაციების მოხსნის შემდეგ, რადგან ჩვენთან ჯერჯერობით, ეპიდემიის მეტნაკლებად ხელშესახებ გავრცელებას ადგილი არ ჰქონია მკაცრი შეზღუდვების გამო.
3. ვერაფრით ვეღარ გაჩერდება ქვეყანა ამაზე მეტად (ჩვენის აზრით საერთოდ არ უნდა გაჩერებულიყო ისეთი მაშტაბით, როგორც ეს მოხდა) – ეს გამოიწვევს სრულ ეკონომიკურ კრახს, შიმშილს, სამედიცინო სერვისების ვერ მიწოდებას მათთვის ვინც ამას საჭიროებს (იგულისხმება არაკორონავირუსული მედიცინა), რაც თავის მხრივ გამოიწვევს იმაზე მაშტაბურ სიკვდილიანობას რასაც იწვევს კორონავირუსი.
4. SARS-CoV-2 არ არის მაღალი სიკვდილიანობის მქონე ვირუსი – ეს დაამტკიცა უკვე მინიმუ 6 -მა სეროპრევალენტობის კვლევამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ამ კვლევების მიხედვით საორიენტაციოდ უნდა იყოს 0.3% – და ეს მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ აღმოჩნდა განუზომლად ბევრი უსიმპტომოდ გამოჯანმრთელებული ადამიანი – რამაც გაზარდა მნიშვნელი და შეამცირა პროცენტი. თუ ამას დავუმატებთ იმ ფაქტს (რაც სხვათაშორის კვლევებითაც არის დადასტურებული) რომ კორონავირუსის დადებითი ტესტის მქონე პაციენტების სიკვდილის სერთიფიკატში, პრაქტიკულად ყველგან კორონავირუსი იწერება სიკვდილის მიზეზად, და არ ხდება დიფერენციაცია ადამიანი კორონავირუსის გამო გარდაიცვალა თუ სხვა მიზეზით, რომელსაც ასევე ჰქონდა შემთხვევით კორონავირუსიც – რეალურად გაზრდილია მრიცხველიც და სავარაუდოდ რეალური სიკვდილიანობა უნდა იყოს 0.1-0.3 % -ის შუაში, რაც ცოტათი უარესია ვიდრე სეზონური გრიპის სიკვდილიანობის მონაცემები.
5. არანაირი საფუძველი მოსაზრებას, თითქოს პოპულაციური იმუნიტეტი შეიძლება ვერ ჩამოყალიბდეს არ აქვს – პირველი: ყველა კორონავირუსის მიმართ ყალიბდება იმუნიტეტი (მართალია არა ხანგრძლივი, 2-3 წლის დაახლოებით, თუმცა ნაწილობრივი იმუნიტეტი მაინც რჩება და ენდემური კორონავირუსები სწორედ ამიტომაც არ იწვევენ დიდ სიკვდილიანობას), მეორე – კორეულმა კვლევებმა ცხადყო და ოფიცილურადაც გაცხადდა, რომ რამოდენიმე ათეული შემთხვევა, რომელიც ეგონათ რეინფექცია – არ აღმოჩნდა რეინფექცია, არამედ იყო ცრუ დადებითი პასუხი, გამოწვეული ვირუსის რნმ-ის ნარჩენი ნაკუწებით. მესამე გასული კვირის კვლევით ცალსახად დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ყველა ვირუსგადატანილ პაციენტს უვითარდება ანტისხეული ვირუსის მიმართ.
ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ამჟამად როდესაც ჩვენთან იხსნება შეზღუდვები (სრულიად სამართლიანად და სწორად), საჭიროა პირველ რიგში მოსახლეობასთან ადქვატური კომუნიკაცია, სწორი მოლოდინების ჩამოყალიბება (არა ვირუსის დამარცხების დეკლარირება, არამედ მოსალოდნელი შემთხვევების ზრდის, და ეპიდემიის კონტროლირებადი გავრცელების გარდაუვალობის ახსნა). სხვა შემთხვევაში, თუ აღინიშნა შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა, ეს გამოიწვევს როგორც მოსახლეობის ისე სამთავრობო სტრუქტურების პანიკას, პოლიტიკურ დაპირისპირებას და ქაოტური მოქმედებების კასკადს, რამაც შეიძლება ეპიდსიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ხალხთან ესეთი კომუნიკაცია, ექსპერტთა ფართო ჩართულობა, საზოგადოებრივი კონსენსუსის ჩამოყალიბება, ეპიდემიოლოგიის დეპოლიტიზირება – სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ჩანს, რაც დამაფიქრებელია და სერიოზული რისკების შემცველია. ასევე მინდა აღვნიშნო რომ ტურისტული აქტივობის და მიგრაციული ნაკადების ნაადრევმა გაზრდამ (განსაკუთრებით მეზობელ რუსეთთან, რომელიც ეპიდმიოლოგიურად ექსპონენციალური ზრდის ფაზის დასაწყისშია მხოლოდ), ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს ეპიდსტაბილურობას (მითები უსაფრთხო ტურიზმის შესახებ ჯერჯერობით არარეალურია). ჩვენ ასეთ ვითარებაში, ფსონი კვლავ ექსკლუზიურად ტურისტულ ბიზნესზე არ უნდა დავდოთ, არამდე არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ (ვგულისხმობ ჩინეთიდან ინვესტიციების და წარმოების საშუალებების მნიშვნელოვან გადინებას და სხვა) და კრეატილად ვეძებოდ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის და მაღალტექნოლოგიური სოფლისმეურნეობის მიმართულებების გაძლიერებას.
ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხელისუფლებას, რომ წარმატებით გაართვას ამ გამოწვევებს თავი! თუმცა თუ პოცესი კვლავ კულუარებში, დახურულად და არატრანსპარანტულად გაგრძელდა, ასეთი შედეგი ნაკლებად რეალიზებადი იქნება.“– წერს გიორგი კანდელაკი.