ტყიბულში მარიამობის ღამეს, მამაკაცმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მეზობელი მოკლა. მომხდარზე პოლიციამ 18 წლის ახალგაზრდა დააკავა.
35 წლის გარდაცვლილს, მინდია მაწკეპლაძეს ნათესავები ჩაუსაფრდნენ, თავს დაესხნენ და სხეულის სხვადასხვა არეში 20-მდე ჭრილობის მიაყენეს. მაწკეპლაძე ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის სამხედრო მოსამსახურეა და პოლიციას საკუთარმა დედამ ჩააბარა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს – 1985 წელს დაბადებულ მ.მ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.