პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი შალვა ნათელაშვილის მიერ ინგა გრიგოლიას გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. შალვა ნათელაშვილმა ორი დღის წინ თქვა, რომ შემოდგომაზე სალომე ზურაბიშვილის დაბადების დღეზე საფრანგეთიდან მისი ძმა სპეცრეისით ჩამოვიდა:
“სალომე ზურაბიშვილის დაბადების დღისთვის, მაშინ, როდესაც ჩაკეტილი იყო ქვეყანა, სპეცრეისით ჩამოაფრინეს მისი ძმა და სტუმრები. უსაქმური ძმა რომ ჰყავს პარიზში, ინტრიგანი, ის ჩამოაფრინეს. დამკვრელებით აქეიფეს და უკან გააფრინეს ბიუჯეტის ხარჯზე. ახლა შემოდგომით რომ ჰქონდა დაბადების დღე თუ როდის ჰქონდა?” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა
სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი შალვა ნათელაშვილს სპეციალური წერილით პასუხობს:
“მე ხშირად მითქვამს და ვწერდი, რომ შეურაცხყოფა და ცილისწამება ვერ შეცვლის არგუმენტებს პშოლიტიკურ დებატებში. ბოლო ინტერვიუ, რომელიც ბატონმა ნათელაშვილმა მისცა ინგა გრიგოლის ტვ პირველის ეთერში, ზუსტად ასეთი ტიპისაა. ბატონი ნათელაშვილი პრეზიდენტს ადანაშაულებს იმაში, რომ მან შემოდგომაზე დანიშნა სპეციალური ფრენა, რომლისთვისაც ხარჯები გამოიყო სახელმწიფომ, მისი ძმისა და მისი სტუმრების პარიზიდან ჩამოსაყვანად, დაბადების დღესთან დაკავშირებით.
ტყუილი მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და შეურაცხყოფაც მომაყენა, კერძოდ კი “უსაქმური და ინტრიგანი მიწოდა.
პრეზიდენტის დაბადების დღე მარტშია. ფრენა კი რეგულარული, გადახდილი ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ. “უსაქმური“ – ექიმია და ხელმძღვანელობს 35 წლის წინ შექმნილ კომპანიას, “ინტრიგანი“ ნებაყოფლობით ზრუნავს საფრანგეთში საქართველოს ასოციაციაზე, რომლის დირექტორთა საბჭოს წევრი უკვე 50 , ხოლო პრეზიდენტი 14 წელია.
ტყუილი და შეურაცხყოფა შეიძლება სიცილს იწვევს, რომ არა ბატონი ნათელაშვილისა და მისი მეგობრების გამოხატვის ჩვეული მანერა, რომელიც მხოლოდ მათი სიტყვების პოლიტიკურ სიცარიელეს ასახავს. ჩვენი ქვეყანა, მისი მომავალი და დემოკრატია მოიგებს ამგვარი ექსცესების თავიდან აცილებით.
ბატონი ნათელაშვილის ბოდიში პრეზიდენტისა და მისი ძმის მიმართ შეიძლება პირველი ნაბიჯი იყოს სწორედ ამ მიმართულებით.“
ნათელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციაც:
“საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დაბადების დღე არის 18 მარტს.
მარტი შემოდგომა არაა, გაზაფხულია! პრეზიდენტს სპეციალური რეისით არასდროს არავინ ჩამოუყვანია!
მისი ძმა საქართველოში რეგულარული რეისით ჩამოვიდა, აქვეა მისი ბილეთი.
რაც შეეხება პარიზში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ექიმ ოთარ ზურაბიშვილის უსაქმურობას, რაზეც საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაში, ამ საკითხს ადმინისტრაცია უკომენტაროდ დატოვებს”, – ნათქვამია განცხადებაში. ადმინისტრაცია თვითმფრინავის ბილეთსაც აქვეყნებს.