“უარყოფილია ყველა ბრალდება ქართველი სამხედროებისა და სააკაშვილის მიმართ. საქართველო გამართლდა” -განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. მისი თქმით, რუსულ ნარატივს “ოცნების” ხელისუფლება თანმიმდევრულად მიჰყვება
“თავისუფალმა სამყარომ საქართველო სრულად გაამართლა იმ ომში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში, რუსული ოცნების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ. […]
მთელ ამ წლების განმავლობაში ბრალს გვდებდა, რომ საქართველომ კაპიტულაცია არ გამოაცხადა, არ დაემორჩილა ოკუპანტებს და დაიცვა თავისუფლება, სუვერენიტეტი და სახელმწიფო. ეს იყო რუსული ნარატივი, რომელსაც თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად იმეორებდა რუსული სატელიტი ქართული ოცნება.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, რომ ბრალი მიხეილ სააკაშვილს და ქართველ გმირ სამხედროებს დასდებოდა. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ბრალი იქნა წარდგენილი რუსული არმიის გენერალ ბორისოვისა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ. არც ერთი ქართველის მიერ ჩადენილი არანაირი დანაშაული არ დადასტურდა. […] ბოროტების იმპერიასთან მებრძოლი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს აფრთხილებდა მსოფლიოს, თუ რა მოსდებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს არ შეაჩერებდნენ, რუს ოლიგარქ ივანიშვილს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებში დატყვევებული ჰყავს. დღეს ცივილიზებული მსოფლიო თანხმდება, რომ უნდა გაეთვალისწინებინათ მიხეილ სააკაშვილის გაფრთხილება და დროულად მიეღოთ ზომები რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ.” – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დასრულდა.
“2016 წლის 27 იანვარს ჩემმა ოფისმა დაიწყო საქართველოს სიტუაციის გამოძიება სისხლის სამართლოს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი ადამიანურობისა და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იქნა ჩადენილი. ამას წინ უძღოდა აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით 2008 წლის 14 აგვისტოს დაწყებული წინასწარი გამოძიების დასრულება.
გამოძიების დაწყების დღიდან ჩემმა ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა. პროკურორის ოფისი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად ახორციელებდა. იგი თანამშრომლობდა დაზარალებულებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.
აღნიშნული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია: ბ-ნი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, ბ-ნი გამლეტ გუჩმაზოვი და ბ-ნი დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი. ჩემ მიერ წარდგენილი ბრალდებები, რომელთა მიმართებაშიც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და, შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. როგორც ამ დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას აღვნიშნე, აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა.
აღნიშნული ეჭვმიტანილი პირები არიან მათ შორის, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვის ზემოხსენებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში. გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ბ-ნი ვიაჩესლავ ბორისოვის, სავარაუდო როლიც, რომელსაც აღნიშნული მოვლენების დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას.
დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას.
ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სიტუაციის დასრულების თაობაზე მხოლოდ საქართველოს სიტუაციას არ ეხება. მას მოჰყვება სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ამჟამად გამოძიების სტადიაში მყოფ სხვადასხვა სიტუაციებს შეეხება, მათ შორის, დღევანდელი გადაწყვეტილება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებაშიც ასევე გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ ვაცხადებ.
თუმცა, ჩვენი მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. ჩემი ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად. ამ მუშაობამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მნიშვნელოვანი გააქტიურება გამოიწვია ჩვენს ოფისში საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ, წინასწარ მოვემზადოთ სასამართლო განხილვისთვის და უზრუნველვყოთ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვა.
მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და მისი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც. აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება, ხოლო სასამართლოს კანცელარია თავის მრავალგანზომილებიანი მანდატის განხორციელებას გააგრძელებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მე უკვე ვაცნობე საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს, რომ ჩემი ოფისი მზადაა, გააგრძელოს კომპლემენტარობის პრინციპისადმი დინამიკური მიდგომის კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნის გზების ძიება თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით.
აღნიშნულს წინ უსწრებდა ამა წლის სექტემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილის ნაზატ შამიმ ხანის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე პროკურორის ოფისის მიერ საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის მოსალოდნელი დასრულების ჭრილში.
გაძლიერებული თანამშრომლობა გულისხმობს ჩემი ოფისის მიერ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისთვის მტკიცებულებების გაზიარებასა და ცოდნის გადაცემის ხელშეწყობას, ტექნიკური და სასამართლო ექსპერტიზის გამოყენების კუთხით თანამშრომლობას, ასევე, ბრალდების სტრატეგიის, ინფორმაციის მართვისა და მოწმეთა დაცვის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას”, – წერია განცხადებაში.