„გუშინ გავრცელდა მედიაში პეტიცია, რომელსაც ხელს აწერს ეროვნული ბანკის თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა, ყველა წამყვანი სამმართველოს ხელმძღვანელი, ხოლო ნათია თურნავას დაუწყია კონტრსაპასუხო ხელმოწერები და რამდენიმე განყოფილების ინიცირებით, ერთ ხელმოწერას მეორეს უპირისპირებს და ეროვნულ ბანკში შეაქვს, ფაქტობრივად, განხეთქილება. ეროვნულ ბანკში არიან მაღალკვალიფიციური ადამიანები, პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, მაგრამ რჩებიან მაღალპროფესიული კადრები. პეტიციის შინაარსი იცით და იცით, რომ მათ დაგმეს თურნავას ბრძანება, მოუწოდეს შეცვლისკენ და მხარს უჭერენ სამ ვიცე-პრეზიდენტს, ვინც ეროვნული ბანკი დატოვეს და მოითხოვენ დიალოგს. ამას მოჰყვა, როგორც ირკვევა, სუს-ის ჩარევა და გათავისუფლდა უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი, საიდანაც გადმოიყვანეს კონკურენციის სააგენტოდან უზარმაზარი თანამდებობის მქონე ადამიანი, ძალიან მაღალი ხელფასით და გადმოდის ეროვნულ ბანკში დაბალ ხელფასზე, დაბალი სტატუსით იმ ადამიანების დასაშოშმინებლად. თურნავას როგორც იმ განცხადების გაკეთება დაავალეს, ასევე დაავალეს, ვინ უნდა იყოს მისი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დღეს ის გახდა მარიონეტი. ქალბატონმა ნათიამ 30 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ ნაგროვები ნდობა და რეპუტაცია 30 წამში დაანგრია.
ამ პროცესში საბჭოს ხუთივე წევრი ზურაბიშვილის წარდგენილია, ამიტომ მან კეთილი ინებოს საბჭოს დარჩენილი 4 კანდიდატით ფორმირება. დღეს უდიდესი საფრთხის წინაშე დგას ფინანსური სისტემა, საქართველოში უნდა დაიწყოს „საბანკო შარლ მიშელი“. ეს ნიშნავს, რომ სავალუტო ფონდის შუამავლობით პრეზიდენტმა, „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ უნდა შევარჩიოთ საბჭოს 4, მეტ-ნაკლებად ნეიტრალური წევრი კონსენსუსით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანამ ზურაბიშვილს არ გაუვა პრეზიდენტობის ვადა და ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, ეროვნული ბანკი იქნება ჩამოშლილი, უუფლებო და გადაქცეული მთავრობის კანცელარიის დანამატად,“
ამის შესახებ პარლამენტში „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.