”უკმაყოფილო ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება – ლატვია ოფიციალური პირების გარკვეული კატეგორიისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხარს უჭერს” – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინ მიიწევდა და ამ პროცესის გასაგრძელებლად მკაფიო ვალდებულებები არსებობდა. შემდეგ, ამჟამინდელმა მთავრობამ კურსი სრულიად შეცვალა. რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები ვართ იმით, რაც ხდება. ჩვენი პოზიცია არაერთხელ დავაფიქსირეთ, ასევე, „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებული პირების სიაში ქართველი ოფიციალური პირების მნიშვნელოვანი რაოდენობა შევიყვანეთ“, – განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.
კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ოფიციალური პირების გარკვეული კატეგორიისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ბაიბა ბრაჟემ უპასუხა, რომ ლატვია „ამას დიდი ხანია მხარს უჭერს“.









