უკრაინა აშშ-ის იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს – ბლინკენი

უკრაინა აშშ-ის იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს – აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. მისი თქმით, უკრაინა იძლევა გარანტიას, რომ აშშ-ს მიერ მიწოდებულ იარაღს “რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ“ არ გამოიყენებს. ამის შესახებ ბლინკენმა, NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე  ისაუბრა.

“იარაღის ახალი პაკეტი, რომელსაც უკრაინას მივაწოდებთ, არის სწორედ ის, რაც სჭირდებათ და მომავალში, ნებისმიერი მოლაპარაკების დროს გააძლიერებს.რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ნაკლები NATO სურდა, თუმცა მიიღო მეტი NATO, მეტი ჯარი და მეტი წევრი. ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენ ჯერ მრავალთვიან კონფლიქტს ვუყურებთ.” – თქვა ბლინკენმა.