უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ზელენსკიმ მთავრობის წევრებთან ისაუბრა. პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილება ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს უკავშირდება, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა. თვითმფრინავი ბელარუსის ხელისუფლებამ იძულებით დასვა ოპოზიციონერი ჟურნალისტის, Nexta-ის ყოფილი რედაქტორის რომან პრატასევიჩის დაკავების მიზნით.

“შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა შეიმუშაონ გადაწყვეტილება უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებისა და უკრაინიდან და ჩვენ სახელმწიფოში ავიაფრენების განხორცილებისათვის ბელარუსის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ”, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გუშინ, 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, ლუკაშენკას გაკარგულებით, მინსკში დაჯდომა აიძულეს.

ბორტზე ოპოზიციონერი ჟურნალისტი, Telegram-არხის Nexta-ს დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა, რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა.