რაც შეეხება პარალელს მაიდანსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის – მინდა, ყველას ვუთხრა, რომ საქართველოში მაიდანს ვერავინ ეღირსება. შეგახსენებთ, უკრაინისთვის მაიდნის შედეგები რა იყო. მაშინ, რეალურად, უკრაინის ხელისუფლება გარედან დანიშნეს, ჯერ ერთხელ და მერე მეორედ. საბოლოო ჯამში კი, ვინც გარედან მთავრობა დანიშნა, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია იმ მოვლენებზე, რომლებიც შემდეგ ამ ქვეყანაში განვითარდა.
2013 წლამდე უკრაინა იყო ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა ჰქონდა, მისი ეკონომიკა კი 200 მილიარდი დოლარი იყო. დღეს ეს ქვეყანა ჩამოქცეულია. მისი ეკონომიკა კი ამდენი წლის შემდეგ, თვისობრივად შემცირებულია. ასევე, უკრაინის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ათიათასობით ადამიანი კი დაიღუპა. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს? – არავინ. შესაბამისად, ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, საქართველოს დამოუკიდებლობაა, რადგან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე პასუხისმგებლობას სხვა ვერავინ აიღებს. ეს ყველაზე კარგად სწორედ უკრაინის მაგალითმა გვაჩვენა.