უკრაინა რუსეთის ავიაციას სერიოზულ პრობლემებს უქმნის–ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

უკრაინა კვლავ სერიოზულ პრობლემებს უქმნის რუსულ საჰაერო და სარაკეტო ოპერაციებს, რუსული თვითმფრინავები კი დაუცველნი არიან უკრაინის ახლო და საშუალო სიშორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების წინაშე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

რუსეთის უუნარობამ, აღმოაჩინოს და გაანადგუროს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები შეუძლებელი გახადა რუსეთის ფართო კონტროლი ჰაერში, რამაც თავის მხრივ დიდი გავლენა მოახდინა რუსეთი შესაძლებლობაზე, მის სახმელეთო ძალებს მხარი დაუჭიროს მთელ რიგ მიმართულებებზე – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნდა.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების დაზვერვა ასევე ავრცელებს ინფორმაციას რუსული ავიაციის კონცენტრირების შესახებ უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთით, სავარაუდოდ იმის გამო, რომ რუსეთმა მისი სამხედრო მოქმედებების ამ რაიონში კონცენტრირება გადაწყვიტა.

ამავე ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალები კვლავ ხელს უშლიან უკრაინის მომარაგებას ზღვიდან უკრაინის შავი ზღვის და აზოვის ზღვის სანაპიროების ბლოკადით, თუმცა, ბრიტანეთის უწყების ინფორმაციით, რუსული ძალების საზღვაო დესანტის გადმოსხმა სავარაუდოდ სულ უფრო სარისკო იქნება, უკრაინის კარგი მომზადების გამო.