უკრაინა შეეცდება მესამე ცხელი ადგილის გაჩენას, რუსების ყურადღების გასაფანტად – ბატიაშვილი

ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ უკრაინელები კარგად ითვისებენ, დასავლურ მიდგომას, და ახალი ტაქტიკით მოწინააღმდეგეს მაქსიმალურად ფიტავენ. ბატიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა შეეცდება მესამე ცხელი ადგილის გაჩენას რადგან რაც უფრო გაიფანტება რუსების ყურადღება, მით უკეთესი იქნება.

„უკრაინელებმა ძალიან კარგად შეითვისეს ახალი დასავლური მიდგომა და ამ ახალი ტაქტიკით ომობენ. ეს არის მოწინააღმდეგის მაქსიმალურად გამოფიტვა როგორც სამხედრო ძალის, ისე ტექნიკის და ტყვიაწამლის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ კონტრშეტევაზე ფიზიკურად გადასვლა. ჩვენ ახლა სწორედ ამას ვხედავთ და ეს არ ესმით რუსებს, რომელთაც „ნა ბერლინ“ „კლიშეებით“ და მილიონი კაცის მსხვერპლით აქვთ ნასწავლი კონტრშეტევაზე გადასვლა. ასე აღარ ხდება, მსოფლიო ასე აღარ იბრძვის, ადამიანის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, რომ უკრაინა შეეცდება მესამე ცხელი ადგილის გაჩენას, რადგან რაც უფრო გაიფანტება რუსების ყურადღება, მით უკეთესი იქნება. იმისთვის, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, კონკრეტულ რეგიონში უნდა გქონდეს როგორც საკუთარი, ისე მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრირების შესახებ ინფორმაცია. რომც ვიცოდეთ, საიდან აპირებს უკრაინა შეტევას, შეიძლება არ უნდა ვთქვათ. სადაც სამხედრო თვალსაზრისით ჩათვლის უკრაინა საჭიროდ კონტრშეტევაზე გადასვლას, ალბათ, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. გუშინ, მაგალითად, უკრაინელები უკვე მისწვდნენ მარიუპოლსაც, რაც ადრე შეუძლებელი იყო. ეს კარგი ნიშანია იმისა, რომ სადაც ოკუპაცია არის, ყველგან მიწვდებიან და მივლენ, იგივე ყირიმში“, – განაცხადა ბატიაშვილმა.