უკრაინაზე სკანდალურ პოსტამდე ილონ მასკი პუტინს პირადად ესაუბრა – მედია

ილონ მასკი პირდაპირ ესაუბრა ვლადიმერ პუტინს მანამ, სანამ ტვიტერზე უკრაინის შესახებ სკანდალურ პოსტებს გამოაქვეყნებდა. ამის შესახებ ინფორმაციას Eurasia Group–ის წარმომადგენელზე, იან ბრემერზე დაყრდნობით Vice ავრცელებს.

“ინფორმაციაში, რომელიც Eurasia Group–ის ხელმომწერებს გაეგზავნათ, იან  ბრემერმა დაწერა, რომ   Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა მას უთხრა, რომ პუტინი “მზად არის მოლაპარაკებისთვის“, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება, თუ უკრაინა მუდმივი ნეიტრალიტეტის ფორმას გამოაცხადებს და უკრაინა აღიარებს ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსიას“– წერს გამოცემა.

ამას გარდა, მასკმა თითქოსდა თქვა, რომ პუტინი მზად არის საკუთარ მიზნებს მიაღწიოს, “მიუხედავად ყველაფრისა“, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების გზით, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები დროებით ოკუპირებულ ყირიმში შევლენ. სწორედ ამიტომაც თითქოსდა Tesla-ს დამფუძნებელმა გადაწყვიტა “ყველაფერი გაეკეთებინა“ მოვლენათა ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად.

ილონ მასკის პოსტს უკრაინის შესახებ  გასულ კვირას დიდი სკანდალი მოჰყვა. მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთის მოსახლეობა 3–ჯერ მეტია, ვიდრე უკრაინის, ამიტომაც უკრაინის გამარჯვება ომში ნაკლებ სავარაუდოა. თუ თქვენ უკრაინის ხალხზე ზრუნავთ, ეძებეთ მშვიდობა“–დაწერა მასკმა და ტვიტერზე გამოკითხვა დადო შეკითხვით: “ ადამიანებმა, ვინც დონბასში და ყირიმში ცხოვრობენ, უნდა გადაწყვიტონ რუსეთის შემადგენლობაში უნდათ თუ უკრაინის“– და ორი სავარაუდო პასუხით: დიახ და არა.

განახლება:

მოგვიანებით ილონ მასკმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი ტვიტერზე გააკეთა. კითხვაზე, მართალია თუ არა ინფორმაცია რომ ის სკანდალურ პოსტებამდე პუტინს ესაუბრა, მასკი პასუხობს: “არა. მე პუტინს მხოლოდ ერთხელ ველაპარაკე და ეს იყო დაახლოებით 18 თვის წინ, საუბრის თემა კოსმოსი იყო.“