ყირიმის სანაპიროსთან, შავ ზღვაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ–ერთი ყველაზე დიდი სადესანტო გემი, “ცეზარ კუნიკოვი“უკრაინამ საზღვაო დრონების მეშვეობით გაანადგურა. უკრაინის დაზვერვის სამმართველომ გაავრცელა გემზე შეტევის კადრები, რომლის შედეგად მან მარცხენა ბორტის კრიტიკული დაზიანება მიიღო და ჩაძირვა დაიწყო.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყირიმის სანაპიროსთან, შავ ზღვაში აფეთქებების ხმა გაისმა, სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ადგილობრივებს ავტომატის სროლის და აფეთქებების ხმები ესმოდათ, შემდეგ კი ზღვაში ცეცხლი გამოჩნდა.მალევე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ გემს ცეცხლი უკიდია. ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან რუსული გემი ჩაიძირა.
მალევე გავრცელდა ინფორმაცია და კადრები, რომ აფეთქების ადგილზე სამი რუსული ვერტმფრენი მიფრინდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ 6 უპილოტო საზღვაო დრონი გაანადგურეს, სოციალური ქსელების რუსი ავტორები კი წერდნენ, რომ ეკიპაჟი გადარჩა.
ცეზარ კუნიკოვი რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ერთ–ერთი ყველაზე დიდი სადესანტო გემი იყო. ის ეკიპაჟის 87 წევრს იტევდა.
2008 წლის აგვისტოში ეს გემი მონაწილეობდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს წინააღმდეგ. 2008 წელს გემმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ფლოტის ბრძოლაში საქართველოს ომის დროს. 2008 წლის 10 აგვისტოს იყო რუსული გემების ჯგუფის (BDK Caesar Kunikov, BDK Saratov, MRK Mirage და MPK Suzdalets) ფლაგმანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საზღვაო ბრძოლაში ქართული კატარღების ჯგუფის წინააღმდეგ.
2015 წელს ეს გემი სირიაში გაგზავნეს სირიის არმიისთვის განკუთვნილი შეიარაღებით დატვირთული.