“უკრაინამ საჰაერო ძალების უმრავლესობის შენარჩუნება შეძლო“– პენტაგონის ჩინოვნიკი

ომის ცხრა დღის შემდეგ უკრაინის საბრძოლო თვითმფრინავების და ვერტმფრენების უმრავლესობა მწყობრშია – განუცხადა  სააგენტო როიტერს აშშ–ს თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა.

“უკრაინელებმა დღემდე შეინარჩუნეს თავისი საჰაერო ძალების მნიშვნელოვანი უმრავლესობა: თვითმფრინავები, ვერტმფრენები, უპილოტო სისტემები, ასევე საზენიტო სისტემები“– ციტირებს სააგენტო ჩინოვნიკს, რომელმაც ანონიმურობა არჩია.

თვითმფრინავების და ვერტმფრენების ზუსტ რაოდენობას სააგენტო არ ასახელებს და აღნიშნავს, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სიცოცხლისუნარიანობით უცხოელი ექსპერტები გაოცებულები არიან.

პენტაგონის გათვლებით რუსეთმა ომის ცხრა დღის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით, მათ შორის აეროდრომების რადარების და საზენიტო–სარაკეტო დანადგარების მიმართულებით დაახლოებით 500 რაკეტა გაუშვა, მისი რაოდენობრივი უპირატესობა საბრძოლო თვითმფრინავების და ვერტმფრენების თვალსაზრისით უზარმაზარია, და ამის მიუხედავად ჰაერში სრული ბატონობა პუტინის არმიამ ჯერ ვერ მოიპოვა.

“უკრაინელ მერაკეტეებს კვლავ შეუძლიათ რუსულ თვითმფრიანვებს საფრთხე შეუქმნან, უკრაინის უნარი, ყველა თვითმფრინავი შეინარჩუნოს, ეს არის ქვეყნის მდგრადი სიცოცხლისუნარიანობის დემონსტრაცია და მორალური იმპულსი, როგორც სამხედროებისთვის, ისე მოსახლეობისთვის“– წერს როიტერსი.