უკრაინამ ფრანგულ ავიაგამანადგურებლებთან ერთად, ნიდერლანდებისგან F-16-ებიც მიიღო

უკრაინამ დღეს, ფრანგულ ავიაგამანადგურებლებთან ერთად, ნიდერლანდებისგან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებიც მიიღო. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი  რუსემ უმეროვი ავრცელებს და აცხადებს, რომ თვითმფრინავები მალე შეასრულებენ საბრძოლო მისიებს.

“ეს თვითმფრინავები, ფრანგულ Mirage-ის გამანადგურებლებთან ერთად, მალე საბრძოლო მისიებს შეასრულებენ და ჩვენს თავდაცვას გააძლიერებენ” – დაწერა უმეროვმა Facebook-ზე.

უმეროვის თქმით, ნიდერლანდები უკრაინელი პილოტების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების მომზადებას გააგრძელებს.

პირველი ავიაგამანადგურებლები უკრაინას 2024 წლის აგვისტოში მიეწოდა.

ამასთანავე, ცოტა ხნის წინ უკრაინამ საფრანგეთისგან Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია  მიიღო.  

„ახლა ის უკრაინის სადარაჯოზე დადგება უკრაინელ მფრინავებთან ერთად“ – აცხადებს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნიუ.

უკრაინელი მფრინავებმა, რამდენიმეთვიანი წვრთნა,  საფრანგეთში გაიარეს.

უკრაინისთვის განკუთვნილი Mirage-ები თანამედროვე ტექნიკით არიან აღჭურვილი: „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის რაკეტებითა და რადიოელექტრონული დაცვის სისტემით.Mirage-ი ფრანგული ერთძრავიანი რეაქტიული, მრავალმხრივი გამოყენების მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებელია, რომელსაც აწარმოებს კომპანია Dassault-ი. განახლებულ ვერსიას, Mirage 2000 – 5F-ს, რომელიც უკრაინამ მიიღო, შეუძლია ატაროს და ფრთოსანი რაკეტები – SCALP-EG და Storm Shadow.

2024 წლის 6 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას Mirage 2000-ებს მიაწოდებდა.