ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, რომელიც თანამდებობიდან მიდის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პროუკრაინული ლიდერია, რომელიც კიევს სიტყვით და საქმით უჭერდა მხარს და მოსკოვთან კომპრომისების წინააღმდეგ გამოდიოდა.
შეიძლება თუ არა მისმა გადადგომამ და ახალი პრემიერ მინისტრის მოსვლამ შეასუსტოს დასავლეთის პოზიციები რუსეთთან მიმართებაში?
ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არ მოხდება.
მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ჯონსონი რუსული აგრესიის მიმართ განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამდა. მაგალითად, 2015 წელს, როცა ლონდონის მერი იყო, მან მოუწოდა დასავლეთს პუტინთან ეთანამშრომლათ სირიაში ტერორისტებთან ბრძოლაში, მიუხედავად ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში ომისა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრი გახდა, ჯონსონმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა მოსკოვთან მიმართებაში და უკრაინის მხარდაჭერა დაიწყო. მისმა მთავრობამ ჯერ კიდევ 2022 წლის სრულმაშტაბიან შეჭრამდე უკრაინას მისცა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები NLAW, რომლებიც ამერიკულ ჯაველინებთან ერთად უკრაინელებმა წარმატებით გამოიყენეს რუსული შეტევის მოსაგერიებლად.
ახლა ბრიტანული სამხედრო დახმარება მოიცავს რეაქტიული არტილერიის სისტემებს, თვითდამიზნებად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ჯავშანტრანსპორტიორებს და ბრონემანქანებს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, უპილოტო აპარატებს, რადიელექტრონული ბრძლის საშუალებებს, ასევე ათასობით ჩაფხუტს, ჯავშანჟილეტს, სამედიცინო დახმარების კომპლექტებს. ბრიტანეთი ასევე წვრთნის უკრაინელ ჯარისკაცებს.
ბრიტანული სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მოცულობამ ომის დაწყებიდან დღემდე 3.8 მილიარდი ფუნტი შეადგინა.
ჯონსონი ორჯერ ჩავიდა კიევში ომის განმავლობაში, ლაპარაკობდა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საერთაშორისო სამიტებზე და უარყოფდა მოწოდებებს სწრაფი დაზავების შესახებ პუტინისთვის დათმობების ხარჯზე, რომლებიც ევროპის დედაქალაქებში ისმოდა.
მის როლს უკრაინელი მოქალაქეები და პოლიტიკოსები განსაკუთრებით აფასებენ. ხუთშაბათს თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პრემიერს მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა, გასულ კვირას კი ის ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა.
“მადლობა ყველაფრისთვის, ძმაო!“– ასეთი რეაქცია გამოხატა ჯონსონის გადადგომაზე საკუთარ ტელეგრამ არხზე როდიონ კუდრაშოვმა, პოლკ აზოვის დნეპროპეტროვსკის ქვედანაყოფის მეთაურმა.
გასაკვირი არ არის, რომ ჯონსონის წასვლამ უკრაინაში და მისი დასავლელი მოკავშირეების ნაწილში შიში გამოიწვია. ზოგმა მის გადადგომას “საჩუქარი კრემლისთვის“ უწოდა. ამერიკელი ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოდან, ჯოზეფ ჩირინჩონე ვარაუდობს, რომ პოლიტიკური კრიზისი ბრიტანეთში შეასუსტებს დასავლეთის ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად და შეიძლება კიევის მოკავშირეების პრინციპულობას საფრთხე შეუქმნას.
უკრაინელი პოლიტოლოგი ალენა გლივკო ამბობს, რომ უკრაინელებს აღელვება გასაგებია: “ნაცია ომის მდგომარეობაშია და არ იცის ბრიტანეთის პოლიტიკური სიტუაციის ყველა ნიუანსი. მისთვის მთავარია, რომ დახმარება უწყვეტი, სტაბილური და თანმიმდევრული იყოს.“– ამბობს ის და დასძენს, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა არა იმდენად ბორის ჯონსონზე, არამედ უფრო მეტად საზოგადოებრივ აზრზეა დამოკიდებული და ის უკრაინელების მხარეს არის. ნათელ მაგალითად ის ასახელებს ფაქტს, რომ უკრაინის დროშები არა მხოლოდ მთელ ლონოდონშია გამოფენილი, არამედ მის ფარგლებს გარეთ, ყოველ პატარა ქალაქშიც კი.
“მხარდაჭერა შენარჩუნდება, იმიტომ რომ ის ერთ ადამიანს არ ემყარება“– ამბობს ალენა გლივკო.
თუმცა, მთავრობის შეცვლამ შეიძლება იარაღის და ფინანსური დახმარების მიწოდების შეფერხებები მაინც გამოიწვიოს, ამბობს ის და ხაზს უსვამს, რომ ამჟამად ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკური უწყება უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გეგმაზეც მუშაობს.
“ყველა ეს გრძელვადიანი პროცესი გაგრძელდება, მთავარია, რომ ახლა არ იყოს შეფერხებები“– ამბობს ექსპერტი.
ბელორუსში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, ნაიჯელ გულ–დევისი ამბობს, რომ ჯონსონის გადადგომა ლონდონის პოზიციაზე გავლენას არ მოახდენს:
“ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისთვის – ეს არ არის პრემიერ–მინისტრის პირადი პოლიტიკა, არამედ ქვეყნის პოლიტიკაა. ორივე მსხვილ პარტიაში, მათ პოლიტიკოსებს შორის, მთლიანად საზოგადოებაში და კერძო სექტორში არსებობს კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით. უკრაინას არ უნდა ეშინოდეს, რომ პრემიერის შეცვლით კურსი შეიცვლება“ – ამბობს ის და ასევე არ ელის შეფერხებებს იარაღის მიწოდებაში, რადგან თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი საკუთარ თანამდებობაზე რჩება.
ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური, გენერალი სერ რიჩარდ ბერონსი ამბობს, რომ “დრამა მთავრობის გულში“ ლონდონის საგარეო კურსზე გავლენას ვერ მოახდენს.
“დროებითი პრემიერ მინისტრიც, ვინც არ უნდა იყოს ის, და ყველა კანდიდატი შეინარჩუნებს ამჟამინდელ კურსს, იმიტომ რომ ბრიტანეთი საკუთარ თავს უკრაინის ერთ–ერთ მთავარ დასავლელ მხარდამჭერად ხედავს.“– თქვა გენერალმა.
თუმცა, დასძინა, რომ მომავალი პრემიერის წინაშე იქნება დილემა, რომელიც ბორის ჯონსონსაც ქონდა: როგორ შეინარჩუნოს უკრაინისთვის იარაღის და საბრძოლო მასალების მიწოდების უწყვეტი ნაკადი მრავალი თვის განმავლობაში.
“როგორ უნდა შეინარჩუნოს დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერის საჭირო დონე საჭირო დროის განმავლობაში“– ეს არის მისი თქმით მთავარი გამოწვევა, რომელიც მისი აზრით მთელი ევროპის წინაშე დადგება – უკრაინაში ომი უკვე სიახლე არ არის მისი მოსახლეობისთვის, გაზრდილი ინფლაქციის, საწყვავისა და გათბობის ფასების ზრდის ფონზე უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად და კონტრშეტევაზე გადასასვლელად საკმაოდ რთულდება.
გენერლის აზრით, დასავლეთს არჩევანი არ აქვს, იმიტომ რომ უკრაინის დაცვა მისი საკუთარი ინტერესების დაცვაა რუსეთისგან, თუმცა ის ელის, რომ ამ საკითხის გარშემო მწვავე დისკუსია დაიწყება.