ამერიკელი ფინანსისტი და მილიარდერი ჯორჯ სოროსი თვლის, რომ ადამიანურმა ცივილიზაციამ რუსეთ–უკრაინის ომი შესაძლოა ვერ გადაიტანოს, რადგან არის რისკი, ის ლოკალური კონფლიქტიდან მსოფლიო კონფლიქტად გადაიქცეს.
რუსეთ–უკრაინის ომზე მილიარდერმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა.
ჯორჯ სოროსს გამოცემა ბლუმბერგი ციტირებს:
“სხვა საკითხები, რომლებიც მთელ კაცობრიობას ეხება – პანდემიებთან და კლიმატის ცვლილებელთან ბრძოლა, ბირთვული ომის თავიდან აცილება, გლობალური ინსტიტუტების მხარდაჭერა – ამ ომთან შედარებით მეორე პლანზე გადადის. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ საბოლოო ჯამში ადამიანური ცივილიზაცია შეიძლება ვერ გადარჩეს.“–თქვა მან.
სიტყვით გამოსვლისას ჯორჯ სოროსმა რუსეთს და ჩინეთს ცივილიზებული მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი საფრთხე უწოდა. მისი თქმით, ამ სახელმწიფოების ლიდერებმა “წარმოუდგენელი შეცდომები“ ჩაიდინეს. სოროსის აზრით პუტინი შეცდა, როცა ჰქონდა მოლოდინი, რომ უკრაინაში ისე შეხვდებოდნენ, როგორც გამათავისუფლებელს. სი ცზინპინი კი “ნულოვანი კოვიდ19–ის“ პოლიტიკას იცავდა, რომლის დაცვა სინამდვილეში შეუძლებელია.
სოროსის თქმით, ჩინეთში რეგულარული კარანტინის შემოღება არღვევს მიწოდების ჯაჭვს, რამაც შეიძლება მთელ მსოფლიოში ინფლაციის ზრდა და გლობალური დეპრესია გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, რომ ახლო წარსულში რუსეთი ჯორჯ სოროსს უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების შექმნაში ადანაშაულებდა. რუსი პროპაგანდისტების კრიტიკის ობიექტი სოროსთან ერთად კორონავირუსის ვაქცინის – Pfizer–ის მწარმოებელი კომპანიაც გახდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიით უკრაინაში ბიოლაბორატორიების მუშაობაში ფარმაცევტული კომპანიები Moderna, Merc, Gilead, ასევე კლინტონების, როკფელერების, სოროსის და ბაიდენის ფონდები, ასევე პოლონეთი და გერმანიაც მონაწილეობდნენ.