უკრაინაში რუსული არმიის მეთაური აღიარებს, რომ ხერსონში ვითარება მძიმეა და “რთული გადაწყვეტილებების“ მიღებას არ გამორიცხავს

ცოტა  ხნის წინ დანიშნულმა რუსეთის არმიის გაერთიანებული ძალების მეთაურმა უკრაინაში, სერგეი სუროვიკინმა პირველი ინტერვიუ მისცა რუსულ მედიას და ხერსონის მიმართულებით სიტუაციას  დაძაბული უწოდა. ამასთან, განაცხადა, რომ არ გამორიცხავს “ რთული გადაწყვეტილებების მიღებას“.

სუროვიკინის ინტერვიუ ტელეარხ “Россия-24″–ის ეთერში გავიდა. გენერალმა პირველად აღიარა რთული სიტუაცია, რომელშიც რუსული არმია ხერსონთან აღმოჩნდა, რაზეც უკვე რამდენიმე კვირაა საუბრობენ უკრაინის ხელისუფლება და გარე დამკვირვებლები.

რუსი მეთაურის თქმით, “ნატო უკრაინისგან შეტევით ოპერაციებს მოითხოვს“ ხერსონის მიმართულებით, და “არაფრად აგდებს მსხვერპლს, როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში“.

მისი თქმით, რუსეთის შემდგომი გეგმები ხერსონთან მიმართულებაში დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა  სამხედრო–ტაქტიკური სიტუაცია შეიქმნება აქ, განაცხადა სუროვიკინმა და დასძინა, რომ არ გამორიცხავს “რთული გადაწყვეტილებების მიღებას“. მან ასევე ახსენა თითქოსდა მის ხელთ არსებული მონაცემები “კიევის მიერ ხერსონის რაიონში ომის აკრძალული მეთოდების გამოყენებისა და კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დამბაზე სარაკეტო დარტყმის მზადების შესახებ.“

დამოუკიდებელი დამკვირვებლები არაერთხელ საუბრობდნენ იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკული HIMARS–ების საშუალებით მწყობრიდან გამოიყვანეს მდინარე დნეპრის და მისი შენაერთების რამდენიმე ხიდი, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე რუსული დაჯგუფება ნორმალური მომარაგების გარეშე დარჩა, რამაც ეჭვქვეშ დააყენა რუსული არმიის მიერ ხერსონის შენარჩუნება.