უკრაინის სამხედრო დაზვერვის იუთუბ არხზე დაიდო ვიდეო, რომელზეც ასახულია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუს სამხედროებზე უპილოტო კამიკაძე დრონის შეტევის კადრები.
უკრაინული დაზვერვის ცნობით კამიკაძე დრონის გამოყენებით შეტევა მიიტანეს მტრის კარვების ქალაქზე და ტექნიკაზე, კერძოდ ავტომობილზე საზენიტო დანადგარებით და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით БМ-21 “Град.“
უკრაინული მხარის ინფორმაციით მოკლულია 3 რუსი სამხედრო, 12 დაიჭრა.
“კარვების ქალაქი ხანძარმა გაანადგურა, რომელსაც დიდხანს ვერ აქრობდნენ“– ამბობს დაზვერვა.
ვიდეოს აღწერაში შეტევას “იუველირულ ნამუშევარს“ უწოდებენ.
რუსული წყაროები იტყობინებოდნენ, რომ უკრაინულმა ძალებმა შეტევა მიიტანეს ევროპაში უმსხვილეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 20 ივნისს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულმა არმიამ ორი კამიკაძე დრონი გამოიყენა, რომელთაგან ერთი ჩამოაგდეს, თავად სადგური კი არ დაზიანებულა. რუსეთის არმიის მიერ დანიშნული ზაპოროჟიეს ოლქის “ადმინისტრაციის“ წარმომადგენელი, ვლადიმირ როგოვი 3 დრონზე საუბრობდა.
რუსეთის თავდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის უფროსი, მიხაილ მიზინცევი აცხადებდა, რომ “მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით არ გამოიწვია ამ აფეთქებამ სადგურის აღჭურვილობის დაზიანება და ტექნოგენური კატასტროა.“
უკრაინული არმიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს 2 აფეთქება საწარმოო კორპუსების სიახლოვეს.
გასული კვირის ბოლოს უკრაინის სახელმწიფო კომპანია “ენერგოატომის“ ხელმძღვანელმა, პიოტრ კოტინმა თქვა, რომ რუსებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შეაქვთ სამხედრო ტექნიკა, მათ შორის სარაკეტო კომპლექსები, რომელთაგანაც უკვე ახორციელებენ დნეპრის მეორე სანაპიროს, ნიკოპოლის ტერიტორიის დაბომბვას.“
როგორც ჩანს, რუსებმა ჩათვალეს, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია მათთვის უსაფრთხოა, რადგან უკრაინელები მის დაბომბვას მოერიდებიან, თუმცა უკრაინულ არმიას შეუძლია უზუსტესი წერტილოვანი დარტყმები კამიკაძე დრონებით განახორციელოს.
რუსულ არმიას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან აქვს ოკუპირებული. სადგურის შტურმის დროს რუსეთის არმიამ არტილერია გამოიყენა და მის კორპუსებს ტანკებიდან ესროდა. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ სასწრაფოდ მიმართა მსოფლიო თანამეგობრობას. მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც.