უკრაინელებმა რუსეთის საზღვარი გაარღვიეს და კურსკის ოლქს უტევენ

უკრაინელებმა რუსეთში, კურსკის ოლქის საზღვარი გაარღვიეს – შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალა ვრცელდება, როგორც უკრაინულ, ასევე რუსულ ტელეგრამ არხებზე. ჯერ-ჯერობით, უკრაინული მხარე, ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, სავარაუდოდ, შეტევაში, უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებია ჩართული. დღევანდელ იერიშში ჯავშანტრანსპორტიორების გარდა მონაწილეობენ ტანკებიც.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, განაცხადა, რომ მიმდინარეობს დამატებითი ძალების გადასროლა, კურსკის ოლქის საზღვარზე. კურსკის ოლქის გუბერნატორის თქმით, ბრძოლები გრძელდება ორ, სუჯას და კორნეევსკის რაიონებში.

ვრცელდება ასევე კადრები სადაც ჩანს, რომ უკრაინელებმა, კურსკში რუსი ტყვეები აიყვანეს-  რუსი ჯარისკაცები ამბობენ, რომ კურსკში მდებარე სამხედრო შენაერთების წევრები არიან, რომლებიც უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.

რუსეთში, სუჯას რაიონში შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი იუწყება, რომ ”უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქის მასიური დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა”.

  • „ორი ადამიანი დაშავდა გლუშკოვსკის რაიონში, ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, ქალაქ სუჯაში. მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებლეაბას კიდევ სამმა მოქალაქემ, მათ შორის ერთმა ბავშვმა, მიმართა. ორი ადამიანი დაშავდა ბოლშესოლდაცკის რაიონში, ერთი კი რილსკის რაიონში. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებიან. სამწუხაროდ, სუჯას ერთი მკვიდრი გარდაიცვალა“, – დაწერა  სმირნოვიმა „ტელეგრამზე“.
შეტაკებები მოხდა კურსკის ოლქის სუჯას რაიონის სოფელ დარინოშიც.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ”სიტუაცია კურსკში კონტროლს ექვემდებარება”.