უკრაინელმა სამხედროებმა HIMARS–ის ზუსტი დარტყმით რუსეთის დაქირავებული მებრძოლების, კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის“ შტაბი გაანადგურეს, რომელიც ლუგანსკის ოლქში ოკუპირებულ პოპასნაიაში მდებარეობდა.
ამის შესახებ ფეისბუქზე ჟურნალისტი დენის კაზანსკი წერს.
მისი თქმით, დარტყმამდე ოკუპანტების დისლოკაციის ადგილი რუსმა პროპაგანდისტმა გათქვა: მან ტელეგრამ არხზე 8 აგვისტოს დადო შტაბის ფოტოები, რის შემდეგაც “მათ უცნაური ისტორია შეემთხვათ“– წერს ჟურნალისტი.
მისი თქმით, ახლა ნანგრევებიდან მოკლული და დაჭრილი ვაგნერელები გამოყავთ, რომლებიც კომპანიამ რუსულ ციხეებში მოაგროვა.
რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს ადამიანი, რომელიც ძალიან გავს ვაგნერის მფლობელს, ევგენი პრიგოჟინს. მას პუტინის “მზარეულსაც“ უწოდებენ. რუსული მედია იტყობინება, რომ ის დაბომბვის შემდეგ კავშირზე არ გამოდის. ერთ–ერთ ფოტოზე, რომელიც რუსმა ჟურნალისტმა გამოაქვენა, ჩანს აბრა მისამართით: მირონოვსკის ქუჩა 12. ჟურნალისტმა ფოტოების გამოქვეყნებასთან ერთად დაწერა, რომ პოპასნაიაში “ვაგნერის“ შტაბში იმყოფებოდა, სადაც როგორც ახლობელს ისე შეხვდნენ და რამდენიმე სახალისო ისტორია უამბეს.
რუსი პროპაგანდისტი სამხედრო ჟურნალისტის საქციელს სოციალურ ქსელებში აღშფოთება მოყვა თავად რუსების მხრიდან.
გავრცელებული ინფორმაციით მოკლულია “ვაგნერის” მაღალი რანგის ოფიცერთა მნიშვნელოვანი ნაწილი. უცნობია, არის თუ არა მოკლულთა შორის პრიგოჟინი.
ვაგნერის შტაბზე თავდასხმის შესახებ წერს რუსული მედიაც. მათი ვარაუდით შეტევა HIMARS–ით განხოროციელდა. მათი ინფორმაციით არიან დაღუპულები და დაჭრილები, თუმცა რაოდენობა არ კონკრეტდება.