ოკუპირებულ ხერსონში უკრაინულმა ძალებმა სასტუმრო დაბომბეს, სადაც რუსეთის “ფეესბეს“ წარმომადგენლები და მაღალჩინოსანი სამხედროები იყვნენ განთავსებული. ამის შესახებ ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა, სერგეი ხლანმა განაცხადა.
“დღეს მოხდა სასტუმრო “ნინელის“ დაბომბვა ქალაქის ცენტრში. ეს არის სასტუმრო აუზით და საუნით, რომელიც ძალიან უყვარდათ “ფეესბეშნიკების“ მეთაურებს და ამიტომ აქ დასახლდნენ. შვიდი “ორასიანი“ გამოასვენეს ამ სასტუმროდან“– ამბობს ხლანი.
მისი თქმით, ხუთი გარდაცვლილი “ფეესბეს“ წარმომადგენელია, ორი კი მაღალჩინოსანი სამხერო, თუმცა ჯერჯერობით მათი იდენტიფიცირება არ მომხდარა.
ოფიციალურად სამხრეთით კონტრშეტევა უკრაინულმა არმიამ აგვისტოს ბოლოს წამოიწყო. მას შემდეგ ისინი მტრის თავდაცვაში სუსტ ადგილებს “სინჯავდნენ“ და ოკუპანტების მომარაგების გზებს ანადგურებდნენ. ბოლო დღეებში კი სამხრეთისთვის ბრძოლა გაძლიერდა.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები სამხრეთით სწრაფად და ძლიერად მიიწევენ წინ და მხოლოდ ბოლო კვირაში უკვე ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.