უკრაინელმა დივერსანტებმა მელიტოპოლთან ხიდი ააფეთქეს – რუსული წყაროები

ორშაბათს საღამოს რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლის ქვეშ ხიდი ააფეთქეს. რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ ეს უკრაინელმა დივერსანტებმა გააკეთეს.

ადგილობრივმა კოლაბორანტმა, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციის წევრმა ვლადიმერ როგოვმა გამოაქვეყნა კონსტანტინოვკაში ნაწილობრივ ჩამონგრეული ხიდის ფოტო და ვიდეო. მისი თქმით, უკრაინელმა დივერსანტებმა ხიდის საყრდენის ქვეშ ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩადეს.

კონსტანტინოვკა  მელიტოპოლის აღმოსავლეთ გარეუბანია. სწორედ მასზე და აფეთქებულ ხიდზე გადის გზა ბერდიანსკისა და მარიუპოლისკენ.

მედიის ცნობით, ოკუპანტები ამ ხიდს აღმოსავლეთიდან სამხედრო ტექნიკის გადასაზიდად და ცოცხალი ძალის შესავსებად იყენებდნენ.

აფეთქების შედეგად ხიდის ზედაპირი ჩაიზნიქა და საავტომობილო ტექნიკის გადასაადგილებლად გამოუსადეგარი გახდა.

რუსებმა აღიარეს, რომ ხიდის საყრდენები დაზიანდა. მელიტოპოლის ზოგიერთ რაიონში ხიდზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ, ინტერნეტისა და კომუნიკაციების შეფერხებები დაიწყო.