საქართველოს დაცვის პოლიციის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის (იგივე ალ-ბარა შიშანი) ექსტრადირება მოხდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, ცეზარ ტოხოსაშვილი (იგივე ალ-ბარა შიშანი) უკრაინაში, ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.
„კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და 2015 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“-ს რიგებში გაწევრიანდა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში.
მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ცეზარ ტოხოსაშვილი დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, – წერია უწყების განცხადებაში.
ტოხოსაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში.