უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს– ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის გამარჯვება ხელს შეუწყობს საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ომში გამარჯვება მისთვის სასიხარულო იმითაც იქნება, რომ ბელარუსში, საქართველოსა და მოლდოვაში პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდება

“მიმაჩნია, რომ უკრაინის გამარჯვება დასვამს წერტილს. ძალიან გამიხარდება ამ სახელმწიფოების (ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა) ხალხების გამო. უკრაინის გამარჯვება პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაძლებლობას შექმნის, შექმნის დემოკრატიას და საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს“– განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის გზავნილს უკვე მოყვა შეფასებები საქართველოში. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხება საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენა იქნება. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანა უკრაინის გამარჯვებას მომზადებული შეხვდეს, რაზეც პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იზრუნონ და ყველაფერი გააკეთონ საქართველოს დასავლურ ორბიტაზე დაბრუნებისთვის.

საპარლამენტო უმრავლესობაში რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის გზავნილს არაკორექტულს და სამწუხაროს უწოდებენ. „ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ვოლოდიმერ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს ერთმანეთისგან ასხვავებს.

უკრაინის გამარჯვებაში საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული  მთლიანობის აღდგენის შანსებს რომ ხედავს, ამის შესახებ არაერთხელ უთქვამს მოლდოვას პრეზიდენტსაც. მაია სანდუმ რამდენიმე დღის წინ რადიო მოლდოვასთან ინტერვიუში თქვა, რომ დნესტრისპირეთის პრობლემის გადასაჭრელად მის ქვეყანას უკრაინის რუსეთთან კონფლიქტში გამარჯვება სჭირდება.

“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ არ დაგვეშვა ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა, საზოგადოებრივი წესრიგი და მშვიდობა შევინარჩუნეთ, სიცრუეს ვებრძოლოთ. ჩვენ დაინტერესებული ვართ დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პრობლემის გადაწყვეტა, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის მხოლოდ მშვიდობიანი. და შესაძლოა, როცა უკრაინა მოიგებს ამ ომს და დაიბრუნებს მის ტერიტორიებს, გაჩნდება გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც მოგვცემს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საშუალებას“– თქვა მაია სანდუმ და ამავე ინტერვიუში დასძინა, რომ მოლდოვაში მშვიდობა უკრაინის შეიარაღებული ძალების წყალობით არსებობს.