ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილში ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა – აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ძალები უკვე ცდილობენ ყალბი “სამხილების” შეგროვებას რომელთა დახმარებითაც, ატომური ელექტროსადგურის აფეთქებაში უკრაინას დაადანაშაულებენ.
- იგეგმება ტექნოლოგიური კატასტროფის მოწყობა, რაზეც ოკუპანტები შეეცდებიან პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრონ – ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინული დაზვერვის მიხედვით გოსტომელში, ანტონოვის აეროპორტის მიმდებარედ შენიშნეს საოკუპაციო ძალების მაცივრების გადამტანი მანქანები, რომლებშიც უკრაინელი სამხედროების გვამებს აგროვებდნენ. ვარაუდობენ, რომ რუსები მათ გაასაღებენ ჩერნობილის ელექტროსადგურთან მოკლულ უკრაინელ დივერსანტებად.
შეგახსენებთ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ოკუპანტების ხელშია. ადგილზე ვითარება მძიმეა. უკვე რამდენიმე დღეა უკრაინა საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ არსებობს გაჟონვის საფრთხე, რადგან სადგურს ელექტროენერგია არ მიეწოდება.