უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკები ჭურვების მიწოდებიდან 1,5 მილიარდი გრივნას მოპარვის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელებს, ლვოვის არსენალის კომპანიის მენეჯერებს და უცხოური კომპანიის წარმომადგენელს ბრალი წაუყენეს ჭურვების შესყიდვიდან 1,5 მილიარდი გრივნას (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) მოპარვის მცდელობაში.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინორმაციით, რომელიც დაკავებულების ვინაობას არ ასახელებს, საქმეში ხუთი ბრალდებული ეჭვმიტანილია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის  191-ე მუხლით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქონების მითვისება, მიტაცება ან მისი დაუფლება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით). „ბოროტმოქმედები ცდილობდნენ მოეპარათ თითქმის 1,5 მილიარდი საბიუჯეტო გრივნა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 100 ათასი ნაღმმტყორცნის შეძენისას,“ – წერია უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში

ეჭვმიტანილები არიან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელები, ლვოვის არსენალის ხელმძღვანელი და კომერციული დირექტორი, ასევე უცნობი უცხოური კომერციული სტრუქტურის წარმომადგენელი. უშიშროების სამსახურმა  ერთ-ერთი ბრალდებული უკრაინის დატოვების მცდელობისას დააკავა, ამიტომ ის ახლა პატიმრობაშია, განმარტავს უკრაინსკა პრავდა.

გამოძიების თანახმად, 2022 წლის აგვისტოში, ანუ იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომი უკვე მიმდინარეობდა, ოფიციალურმა პირებმა გააფორმეს კონტრაქტი ლვოვის არსენალთან საარტილერიო ჭურვების პარტიის შესაძენად. თანხის მიღების შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობამ თანხის ნაწილი გადარიცხა უცხოური კომპანიის ბალანსზე, რომელსაც შეკვეთილი საბრძოლო მასალა უკრაინისთვის უნდა მიეწოდებინა.

კომპანიას არც ერთი ჭურვი არ გაუგზავნია, მაგრამ მიღებული თანხები გადარიცხა ბალკანეთის შვილობილი სტრუქტურის ანგარიშებზე, ციტირებს გამოძიების პოზიციას Ukrayinska Pravda. დარჩენილი თანხა უკრაინის ერთ-ერთ ბანკში ანგარიშებზე დარჩა.

ამ კვირის დასაწყისში სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა გადაწყვეტილება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ლვოვის არსენალიდან 1,5 მილიარდი გრივნის ამოღების შესახებ.

უკრაინსკა პრავდამ გასული წლის ივლისში თავის გამოძიებაში დაწერა, რომ თავდაცვის სამინისტრომ გააფორმა კონტრაქტი ნაკლებად ცნობილ კომპანია Lviv Arsenal-თან. ალექსეი რეზნიკოვმა, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა 2022 წელს, გამოცემას უთხრა, რომ მოხდა კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის წინასწარ გადახდა,  ( თანხის თითქმის 100%), მაგრამ უკრაინელ სამხედროებს ამ კონტრაქტით არც ერთი ჭურვი არ მიუღიათ.