უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის პატრიარქისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კრების წევრებმა გაავრცელეს განცხადება ომის დაგმობის შესახებ, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. განცხადების მიხედვით ისინი არ ეთანხმებიან მოსკოვის პატრიარქის, კირილის პოზიციას. ასევე ცვლილებები შეიტანეს საკუთარ წესდებაში, რომლის მიხედვით უკრაინის ეკლესიის სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

კრების შედეგების შესახებ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის “გმობს ომს, როგორც დარღვევას საღვთო ცნებისა “არა კაც კლა“ და თანაგრძნობას გამოთქვამს ყველას მიმართ, ვინც ომისგან დაზარალდა“.

“ვაცხადებთ, რომ არ ვეთანხმებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის პოზიციას უკრაინაში ომთან დაკავშირებით“– ნათქვამია დოკუმენტში.

“კრებამ მიიღო შესაბამისი ცვლილებები და დამატებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის ცვლილების შესახებ, რომლებშიც საუბარია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრული დამოუკიდებლობის და თვითმყოფადობის შესახებ“– განაცხადეს კრების წევრებმა.

ამასთან, დოკუმენტში არ არის დაზუსტებული კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა წესდებაში.

გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით ძნელია მტკიცება, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა, ანუ ავტოკეფალია მართლაც გამოაცხადა: ამისათვის აუცილებელია რიგი დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, და რაც მთავარია, ეს დამოუკიდებლობა სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმაც უნდა აღიარონ.

ეკლესიის კრებამდე ეპისკოპოსების მხრიდან კეთდებოდა არაერთი განცხადება პატრიარქ კირილის ღვთისმსახურებისას მოხსენიებაზე უარის თქმის, ან სხვა ნაბიჯების შესახებ, რაც მიანიშნებდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის გზას დაადგა. თუმცა ოფიციალური დოკუმენტები ამის შესახებ ჯერ არ გამოქვეყნებულა.

რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, ვლადიმირ ლეგოიდამ საკმაოდ სიტყვაძუნწი კომენტარი გააკეთა უკრაინის ეკლესიის გადაწყვეტილებაზე:

“ვინაიდან რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ არ მიუღია მიმართვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისგან, ჩვენ არ შეგვიძლია ინორმაციაზე რეაგირება, რომელიც ინტერნეტით ან პრესით მივიღეთ. სიტუაციაი, როცა გარე ძალები ცდილობენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობა დაანგრიონ, ჩვენის მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა დეტალური კომენტირება იმ გადაწყვეტილებისა, რომელსაც უკრაინის თვითმმართველი მართლმადიდებელი ეკლესია იღებს“– დაწერა მან ტელეგრამ არხზე.

უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის კრების მონაწილეებმა ასევე განაცხადეს, რომ არ კარგავენ დიალოგის განახლების იმედს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან – სიდიდით მეორე უკრაინულ მართლმადიდებელ თემთან. ეს უკანასკნელი 2018 წლის დეკემბერში შეიქმნა, 2019 წლის იანვარში კი მისმა მეთაურმა, მიტროპოლიტმა ეპიფანიამ მსოლიო პატრიარქისგან ტომოსი მიიღო ავტოკეალიის შესახებ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მას აღიარებს.