აშშ–ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების შემდეგ უკრაინის მიმართ დამოკიდებულება ისეთი უნდა იყოს, როგორც ნატოს წევრის მიმართ.
99 წლის დიპლომატს The Wall Street Journal ციტირებს.
მისი აზრით, “წილი ნაყარია და მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა“, ასე თუ ისე, უკრაინის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს ისეთი, თითქოს ის ნატოს წევრია.
ამასთან, კისინჯერმა აღნიშნა, რომ შეიძლება მოიძებნოს დარეგულირება, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს 2014 წლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიები მიიერთოს. ამავე დროს, ის ამბობს, რომ არ იცის რით იქნება განსხვავებული ასეთი დარეგულირება “8 წლის წინ დაწყებული კონფლიქტის სტაბილიზაციის შეუსრულებელი შეთანხმებისგან“.
შეგახსენებთ, რომ მაისში ჰენრი კისინჯერმა უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდა. მაშინ ვლადიმირ ზელენსკიმ კისინჯერს მწვავე პასუხი გასცა. თავად დიპლომატმა კი საკუთარი სკანდალური განცხადების გამო ახსნა– განმარტება გააკეთა.
მან თქვა, რომ იგულისხმა 24 თებერვლამდე ვითარებასთან დაბრუნება.
მისი სკანდალური განცხადებების გამო უკრაინული მედია კისინჯერს ხშირად მოიხსენიებს როგორც “პუტინის ლობისტს“.