უკრაინის ომში 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა – პენტაგონი

აშშ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინის ომში 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა – და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაც სავარაუდოდ  ასეთი მასშტაბის დანაკარგები განიცადეს

ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას მილიმ ასევე თქვა, რომ მისი შეფასებით, დაახლოებით 40 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

“ჩვენ ვსაუბრობთ დაღუპული და დაჭრილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობაზე 100 000-ზე მეტის დონეზე. ალბათ იგივეა უკრაინულ მხარესთან დაკავშირებით. ეს არის ადამიანური ტანჯვის უზარმაზარი მასშტაბი”, – ციტირებს Reuters მილის სიტყვებს.

მილის არ დაუკონკრეტებია, რას ეფუძნება ეს ინფორმაცია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ 9 ნოემბრის მდგომარეობით, ომში 77 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა. მათი ინფორმაციით დაღუპულია 5937 სამხედრო.

ზაფხულის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების 10 000-მდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.