უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მობილიზება გრძელდება – სატელიტურ ფოტოებს კოსმოსური ტექნოლოგიების ამერიკული კომპანია Maxar Technologies-ი ავრცელებს.
ფოტოებით დგინდება, რომ 13 დეკემბერს ყირიმის სამხედრო ბაზაზე, რომელსაც ანექსიის შემდეგ რუსეთი აკონტროლებს, ასობით დაჯავშნილი სატრანსპორტო საშუალება შეინიშნება.
ამერიკული კომპანია ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ძალებს ბრიგადის დონის ქვედანაყოფი შეუერთდა, რომელიც BMP-ს სერიის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისგან, ტანკებისგან, საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობისგან შედგება.
პარალელურად ამერიკულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პენტაგონი უკრაინას ოპერატიულ სადაზვერვო მონაცემებს გაუზიარებს, რაც კიევს რუსეთის შესაძლო აგრესიაზე სწრაფი რეაგირებისთვის დაეხმარება.