უკრაინის სასამართლომ ნიკიტა მიხალკოვის დაპატიმრების ორდერი გასცა

რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის დაპატიმრების გადაწყვეტილების დაუსწრებლად მიღების შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ დაწერა. ნიკიტა მიხალკოვი უკრაინამ საერთაშორისო ძებნაშიც გადასცა. პროკურორის  სტატუსიდან ჩანს, რომ მიხალკოვს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მხარდაჭერაში ედება ბრალი.

“ნიკიტა სერგეის ძე მიხალკოვი. საბჭოთა და რუსი რეჟისორი და მსახიობი. მილიონობით ადამიანი უყურებდა ფილმებს თქვენი მონაწილეობით. თითქმის ყველას ისინი ოდესღაც მოსწონდა. ეს ობიექტურად. მაგრამ დრო შეიცვალა. ამა თუ იმ მიზეზით თქვენ მხატვრულ ფილმებში აღარ მონაწილეობთ და დოკუმენტურზე გადახვედით… ომის შესახებ.

ყველას კარგად გვესმის რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების იერარქიის რა საფეხურზე ხართ – არცთუ უკანასკნელზე. ვვარაუდობ, თქვენ რუსეთის პირველ პირებთან ახლო ურთიერთობაში ხართ, და სწორედ ეს არის, რატომაც ასე გაცხარებით უჭერთ მხარს და პროპაგანდირებთ ომს. ყოველ შემთხვევაში, ასე ვხედავთ ჩვენ ამას აქ, უკრაინაში. ამით ილუსტრაცია მთავრდება.

ოფიციალურად გატყობინებთ, რომ უკრაინის დამოუკიდებელმა, სუვერენულმა და სამართლიანმა სასამართლომ ნებართვა მისცა უკრაინელ პროკურორებს დაგაპატიმრონ უკრაინის სასამართლოში წარდგენის მიზნით, რომელიც წინასწარი პატიმრობის ფორმას დაადგენს თქვენთვის, როგორც ეჭვმიტანილისთვის„– წერს უკრაინელი პროკურორი.