უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ივანო-ფრანკოვსკის ქრისტეშობის ტაძარში ჩხრეკას ატარებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ივანო-ფრანკოვსკში ქრისტეს შობის ტაძარში ჩხრეკას აწარმოებს. ტაძარი უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის.

„ყველა ქმედება მიმდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და ტარდება იმისთვის, რომ გადაამოწმოს მონაცემები ეპარქიის „რუსული სამყაროს“ უჯრედად გამოყენების განზრახვების შესახებ; აღკვეთოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შენობების გამოყენება  აგრესორი ქვეყნის მოქალაქეთა თავშესაფრად, აკრძალული ნივთების შესანახად და ა.შ.; მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისგან“, – ციტირებს მედია ივანო-ფრანკოვსკის რეგიონის უსაფრთხოების სამსახურს.

გასულ კვირას სამშაბათს უკრაინის უსაფრთხოების სამახურმა ჩაატარა ჩხრეკა კიევში, კიევ-პეჩერსკის ლავრის ტერიტორიაზე, ასევე ორ მონასტერსა და ეპარქიაში რივნეს რეგიონში. საერთო ჯამში, შემოწმდა 350-ზე მეტი ეკლესიის შენობა და 850 ადამიანი.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტაძრების ტერიტორიაზე აღმოჩენილია რუსული ლიტერატურა, საბუთების არმქონე პირები, რუსეთის მოქალაქეები, ასევე დიდი ოდენობით ნაღდი ფული.

ძიებიდან მეორე დღეს გაიმართა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა, რომელმაც  სამი ეპისკოპოსი ეპარქიების ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა – კიროვოგრადის, სუმისა და ხარკოვის რეგიონებიდან.

ამასთან, ლავრის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა პაველმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და სადაო წარმომადგენელმა, თანამდებობა შეინარჩუნა.