უკრაინის უშიშროების სამსახურის [SBU] ცნობით, კიევში ბავშვთა საავადმყოფო Kh-101 ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს.
„ტრაგედიის ადგილზე უკვე ნაპოვნია შესაბამისი მტკიცებულებები: კერძოდ, Kh-101 რაკეტის უკანა კორპუსის ნაწილები სერიული ნომრით და ამავე რაკეტის საჭის ნაწილი“, – იტყობინება დეპარტამენტი.
დღეს დილით, რუსეთმა კიევში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა. უკრაინის ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის ცნობილია 27 დაღუპულისა და 100–ზე მეტი დაჭრილის შესახებ.
17 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის დედაქალაქში, 10 ადამიანი კი კრივოი როგში. კიევში სერიოზულად დაზიანდა ქვეყნის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო ოჰმატდიტი.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით სარაკეტო შეტევების სამიზნე იყო ქალაქები: კიევი, დნეპრი, კრივოი როგი, სლავიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტამ დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო“.
საავადმყოფოს დირექტორმა ვლადიმერ ჟოვნირმა მედიას განუცხადა, რომ რაკეტა საავადმყოფოს ერთ–ერთ შენობას დაეცა. უკრაინული მედია ავრცელებს საავადმყოფოს დერეფნის სისხლიან კადრებს.
საავადმყოფოში დაიღუპა 2 ზრდასრული, აქედან ერთი ექიმია. 16 დაშავებულიდან 7 ბავშვია. თუმცა, ჯერჯერობით დაჭრილთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მაშველებმა და მოქალაქეებმა ნანგრევების გაწმენდა დაიწყეს.
უკრაინის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო ონკოლოგიური დაავადებების და თანდაყოლილი რთული პათოლოგიების მკურნალობაზეა სპეციალიზებული. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაზიანდა შენობა, სადაც ბავშვები დიალიზს გადიოდნენ. შენობიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, ქუჩაში პირდაპირ წვეთოვანებთან ერთად გამოიყვანეს.
- სამაშველო სამუშაოები კიევის რვა რაიონში დაიწყო.
შევჩენკოს რაიონში რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და ერთი შესასვლელი ჩამოანგრია. მაშველები ახლა ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. მაშველების ინფორმაციით, ამავე ტერიტორიაზე დიდი ხანძარი გაჩნდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა.
დღის მეორე ნახევარში კიევში საჰაერო განგაში კვლავ გამოცხადდა. კიევის დნეპრის რაიონში მეორე დარტყმის გამო ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამედიცინო ცენტრის შენობა ნაწილობრივ განადგურდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.
გარდაცვლილები და დაჭრილები არიან არა მხოლოდ კიევში. დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგში უამრავი დაღუპული და დაჭრილია, – წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში. პროკურატურამ კრივოი როგში 10 დაღუპული და 42 დაჭრილის მონაცემები დაადასტურა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქში რამდენიმე დარტყმა მოხდა, მათ შორის სამრეწველო საწარმოს ადმინისტრაციულ შენობაზე.
თავად დნეპერში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. არიან გარდაცვლილები და დაჭრილები.
დღის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მასიური სარაკეტო დარტყმა უკრაინაზე და განაცხადა, რომ სამიზნეები იყო „უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის ობიექტები“ და „უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო ბაზები“.