უკრაინული ძალები ბახმუტს ინარჩუნებენ და ტაქტიკური ალყისთვის ემზადებიან

“მიუხედავად რუსების დაჟინებული მცდელობისა ბახმუტზე სრული კონტროლი დაემყარებინა, ჩვენი დამცველები ზოგიერთ რაიონში დაწინაურდნენ. კერძოდ, გასული დღის განმავლობაში ჩვენს მცველებს რაიონში წინსვლა 200 მეტრის ჰქონდათ.უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კვლავ იკავებენ შენობებს “– ამის შესახებ უკრაინული ტელეთონის ეთერში აღმოსავლეთ ძალების ჯგუფის წარმომადგენელმა სერგეი ჩერევატიმ ისაუბრა.

„ჩვენს დამცველებს გამაგრებული აქვთ რამდენიმე შენობა და საფორტიფიკაციო ნაგებობა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. იქ, სადაც დანაკარგების რისკი ნაკლებია, ჩვენი ქვედანაყოფები ცდილობენ წინსვლას და მტერს უტევენ. კერძოდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ზოგიერთ რაიონში 200 მეტრით წაიწიეს წინ“, – განაცხადა ჩერევატიმ.

მან აღნიშნა, რომ ბახმუტი დამპყრობლების პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება და ისინი კვლავ ცდილობენ ქალაქზე სრული კონტროლი დაამყარონ.

უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი სირსკი კი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის ტაქტიკურ ალყას უახლოვდებიან.

ამის წყალობით ჩვენი სამხედროები შეძლებენ აკონტროლონ მტრის მიერ დაკავებული ყველა მაღალსართულიანი შენობა და თანდათან გაანადგურონ ისინი, თქვა მან.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ბახმუტის მცირე ნაწილს, მისი თავდაცვის მნიშვნელობა არ კარგავს აქტუალობას. ეს გვაძლევს შესაძლებლობას შევიდეთ ქალაქში სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში. და ეს აუცილებლად მოხდება”, – ხაზგასმით აღნიშნა სირსკიმ.

ბრძოლა ბახმუტისთვის – დეტალები

2023 წლის 20 მაისს, ვაგნერის ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაცხადა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის სრული აღების შესახებ. ერთი დღის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ქალაქის სრული კონტროლის ქვეშ მოქცევის შესახებ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ქალაქის დაკარგვა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალაქში ვითარება კრიტიკულია და მძიმე ბრძოლები გრძელდება.

იაპონიაში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ასევე უარყო ბახმუტის დაკარგვა და აღნიშნა, რომ ქალაქში უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ.