ჯოზეფ დეანჯელოს, მეტსახელად “მკვლელი ოქროს შტატიდან“ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლო განაჩენი გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში დაწყებული გამოძიების შედეგია, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
74 წლის დეანჯელო მხოლოდ 2018 წელს, მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი დნმ–ს ნიმუში ბაზაში არსებულ ნიმუშებს დაემთხვა, რომლებიც წლების წინ დანაშაულის ადგილზე აიღეს.
ივლისში ეჭვმიტანილი პროკურორთან გარიგებაზე წავიდა და 13 მკვლელობა აღიარა, რითაც სიკვდილით დასჯას აარიდა თავი.
მან ასევე აღიარა მრავალი გაუპატიურება, ძარცვა და სხვა დანაშაული, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ჩაიდინა.
ოლქის პროკურორმა, ანა მარია შუბერმა დეანჯელოს “სოციოპატი მოქმედებაში“ უწოდა.
დეანჯელომ მოწმეების ჩვენებები მშვიდად მოისმინა. ის ინვალიდის სავარძელში იჯდა და არანაირი ემოცია არ გამოუხატავს. თუმცა, სანამ მოსამართლე მაიკლ ბოუმანი განაჩენს წაიკითხავდა, დეანჯელო სავარძლიდან ადგა, ნიღაბი მოიხსნა და მოკლე განცხადება გააკეთა.
“მოვისმინე ყველა თქვენი ჩვენება. გულწრფელად ვთხოვ პატიებას ყველას, ვისაც ტკივილი მივაყენე“– თქვა განსასჯელმა.
მას მოსამართლემ ჯამში 26 სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სხვადასხვა დანაშაულისთვის, ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის უფლების გარეშე.
“როცა ადამიანი საზარელ დანაშაულს ჩადის, ის ისე უნდა იყოს იზოლირებული, რომ ვეღარასოდეს შეძლოს უდანაშაულო ადამიანებისთვის ზიანის მიყენება“–თქვა მოსამართლე ბოუმანმა.
1970–80–იან წლებში, როცა მთელი კალიფორნიის შტატის მაშტაბით დანაშაულებებს ჩადიოდა, დეანჯელო შტატის პოლიციაში მსახურობდა.
ყოფილი პოლიციელი და ვიეტნამის ომის ვეტერანი ბოლო წლებში ავტომექანიკოსად მუშაობდა. ის 2018 წლის აპრილში დააკავეს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ დამნაშავის ნაგვის ურნიდან დეენემი აიღო და გენეოლოგიური სერვისების ბაზაში დნმ–ს ნიმუშებს შეადარა.
დანაშაულის ჩადენა დეანჯელომ 1975 წლიდან დაიწყო, როცა ჩრდილოეთ კალიფორნიაში ეგზეტერის პოლიციაში მსახურობდა. თავიდან ეს იყო წვრილმანი ქურდობა, თუმცა მალე სასტიკ გაუპატიურებებსა და მკვლელობებში გადაიზარდა, რაც 12 წელი გრძელდებოდა.
უსულო ადამიანი:
განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა ანა მარია შუბერტმა აღნიშნა, რომ დეანჯელო ნამდვილი სოციოპატია:
“ეს არის ადამიანი, რომელიც ოდნავადაც არ სცემს პატივს სხვა ადამიანების უფლებებს, არ სცემს პატივს კანონს, არ განიცდის თანაგრძნობას, ემპათიას და სინანულს. ეს არის ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არ აქვს ცნობიერება ან სული“–თქვა მან.
დეანჯელოს განაჩენი მოსამართლემ უნივერსიტეტის სამეჯლისო დარბაზში გამოაცხადა – უზარმაზარი დარბაზი იმისთვის გახდა საჭირო, რომ იქ დაზარალებულთა და მსხვერპლთა ყველა ახლობელი და ნათესავი დატეულიყო.
პროკურორების თქმით ძალადობის მაშტაბი უბრალოდ თავზარდამცემი იყო: 83 მსხვერპლი და 53 დანაშაულის ადგილი მთელი კალიფორნიის მაშტაბით 11 ოლქში.