”უფრო მეტად ვაფასებ თქვენს ინიციატივას როცა ვიცი, თუ რა შემაძრწუნებელია სიტუაცია, რომელშიც ახლა ხართ” – ნათქვამია, წერილში, რომელსაც “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, მეცოლას სახელით, ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი უგზავნის.
“ძვირფასო ბატონო გვარამია, გმადლობთ 2022 წლის 6 ივნისის გამოგზავნილი წერილისთვის ევროპარლამენტის პრეზიდენტისადმი, რომელშიც თქვენ მოუწოდეთ ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელებს, მიეღოთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად პოლიტიკური სირთულეებისა, რომელთა წინაშე თქვენი ქვეყანა დგას. ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ მთხოვა, თქვენთვის მეპასუხა, როგორც ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარეს სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეს.
უპირველეს ყოვლისა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე უფრო მეტად ვაფასებ თქვენს ინიციატივას, როდესაც ვიცი, თუ რა შემაძრწუნებელია სიტუაცია, რომელშიც ახლა ხართ.
ნება მომეცით დაგამშვიდოთ, რომ ჩვენი წევრების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს თქვენს შეხედულებას, რომ საქართველო ეკუთვნის ჩვენს ევროპულ ოჯახს. თუმცა, ქართველი ხალხის ევროპული ამბიციების სრული მხარდაჭერისას, კანდიდატის სტატუსი რთული, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რომლის დაჩქარება შეუძლებელია, რადგან გარკვეული კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას. ნებისმიერი გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, ეყრდნობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვნებას, ევროკომისიის მოსაზრებების გათვალისწინებით.
თავის მხრივ, ევროპარლამენტმა დღეს აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო ერთობლივი რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს, მიანიჭონ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა კომისიის მოსაზრებაში მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს.
ამ ასპექტთან დაკავშირებით, მე მხედველობაში მივიღე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თქვენს საქმეზე 16 მაისს გამოტანილი განაჩენი. ჩემი, როგორც ჩვენი დელეგაციის თავმჯდომარის, უფლებამოსილებაში ცალკეული სამართლებრივი საქმეების შესახებ აზრის დაფიქსირება არ შედის, თუმცა მე მოვისმინე საქართველოს სახალხო დამცველისა და სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მიერ დასმული კითხვები ამ კონკრეტულ შემთხვევაზე და მე გამოვხატე საკუთარი აზრი შემდგომი შეხვედრების დროს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრთან და საქართველოს ელჩთან/ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან. ზოგადად, ეს განაჩენი გამოვიდა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირის, სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის განმეორებითი მოწოდების ფონზე. ამასთან დაკავშირებით, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ევროპარლამენტის წევრების მიერ მიღებულ რეზოლუციაზე „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ“.
რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბ-ნი მიხეილ სააკაშვილის ბედს, რომელიც თქვენ ასევე ახსენეთ თქვენს წერილში, ასევე მტკიცედ მჯერა, რომ მისი, როგორც პატიმრის ძირითადი უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება და სათანადო სამედიცინო მკურნალობა, დაცული უნდა იყოს ყოველთვის. ჰუმანიტარული საკითხები ჩვენი მთავარი საზრუნავია და მათ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ევროპარლამენტის კომპეტენტური ორგანოები (უპირველეს ყოვლისა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტი და სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაცია) ძალიან ყურადღებით აკვირდებიან თქვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.” – ნათქვამია ნიკა გვარამიასთვის გამოგზავნილ წერილში.
ცნობისთვის, აღნიშნული წერილი არის პასუხი 2022 წლის 6 ივნისს გაგზავნილი წერილისთვის, სადაც ნიკა გვარამია ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.
“ნიკა გვარამიას წერილი ევროპას რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების 212-ე საკნიდან.
ადრესატები:
რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი
ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი
შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
ევროპარლამენტის წევრები;
ანდრიუს კუბილიუსი
ანა ფოტიგა
მარკეტა გრეგოროვა
მაიკლ გალერი
პეტრას აუსტრევიჩუსი
რასა იუკნევიჩიენე
რაფაელ გლუკსმანი
სვენ მიკსერი
ვიოლა ფონ კრამონი
“ძვირფასო და ნამდვილო მეგობრებო, ჩემი ქვეყნის მთავარო გულშემატკივრებო, საქართველოს ისტორიული სამშობლოს, ევროპის ღირსეულო შვილებო!
მოგმართავთ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების 212-ე საკნიდან. მოგმართავთ ჩემი, ჩემი მეუღლის- სოფიას, ჩემი შვილების – სანდროს, ქეთევანის და გიკოს სახელით, მოგმართავთ ჩემი მეორე ოჯახის – მთავარი არხის სახელით, მოგმართავთ ჩემი სამშობლოს ყველა გულმხურვალე პატრიოტის სახელით. მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, რომ მიიღოთ იმგვარი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაისჯება ჩემი ხალხი – ამაყი და თავისუფალი ქართველები. ცივილიზაციური არჩევანი ჩვენ გაკეთებული გვაქვს – ჩვენი ადგილი მხოლოდ ევროპაშია, იქ, სადაც ინახება ჩვენი უძველესი და საკაცობრიო სიმბოლო – ოქროს საწმისი.
როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება, თქვენ უკვეთ იცით. მე მხოლოდ ის მინდა გთხოვოთ, რომ საქართველოს ხალხს არ დაეკეტოს გზა ევროპისკენ. არ დაეკეტოს, რადგან ალტერნატივა მხოლოდ რუსეთია. ეს ალტერნატივა კი დამღუპველი იქნება ჩვენთვის და დაასრულებს დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიას.
და ბოლოს, უფლება არ მაქვს, როგორც საქართველოს პატრიოტმა და როგორც ადვოკატმა, არ გთხოვოთ, მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოთ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად. ქვეყანაში დასავლეთის ყველაზე დიდ გულშემატკივარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, სამწუხაროდ, დიდი დრო აღარ აქვს, თუ მისი გადარჩენა სასწრაფოდ არ მოხდა.
დიდი იმედით და საუკეთესო სურვილებით,
ნიკა გვარამია” – ნათქვამია წერილში